“ხაზარაძის პარტიაზე საუბარიც კი არ სურთ ემიგრანტებს, უყურებენ, როგორც მძიმე დაავადებას” – ვატო გელაშვილი

“ხაზარაძის პარტიაზე საუბარიც კი არ სურთ ემიგრანტებს, უყურებენ, როგორც მძიმე დაავადებას” – ვატო გელაშვილი.

„ალიას“ ესაუბრება „შეაჩერე კორუფციას“ თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი, ვატო გელაშვილი, რომელიც ამჟამად ემიგრაციაშია და პოლონეთში იმყოფება.

რა არის ივანიშვილის კოზირი?

– დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ყველაზე დიდი კოზირია ეს ოპოზიცია, სანამ ეს ოპოზიცია იქნება, მანამდე იქნება ისიც. ეს ოპოზიცია ხალხის მიერ უარყოფილია, ალტერნატივა გვინდა სხვა. ხაზარაძის პარტიაზე საუბარიც კი არ სურთ ემიგრანტებს, უყურებენ, როგორც დაავადებას. ზოგადად დაავადებულია ქართული პოლიტიკა და 10 წლის წინ თუ იყო პირველ სტადიაზე ეს დაავადება, უკვე მეხუთე სტადიაზეა. გიორგი ვაშაძეა და არაფერი უკეთებია გარდა იმისა, რომ თავისი პარტიის ლიდერია, ვცდილობ გავიხსენო, რა პოლიტიკური მოღვაწეობის გამო დაიმსახურა მანდატი და ვერ ვიხსენებ. ახლა ზურაბ ჯაფარიძესთან და ელენე ხოშტარიასთან ერთიანდება და ესეც კლოუნადაა. ელენე ხოშტარია, რუსული რუბლის სკანდალის მერე განულებულია როგორც პოლიტიკოსი, დამთავრებულია. სხვათა შორის შანსები ჰქონდათ, როგორ არა, ხაბეიშვილსაც ჰქონდა შანსი, სანამ ჩემ მიერ მიწოდებულ მასალებს აჟღერებდა და ვერ გამოიყენეს ეს შანსები. როცა იბრძვი, იბრძვი და ვერ იმარჯვებ – ინტერესი იკარგება.

სპორტსმენი რომ რინგზე გამოდიოდეს წლობით და ყოველ ჯერზე აგებდეს – ხომ დაეკარგება მის მიმართ ინტერესი მხარდამჭერებს? ასეა აქაც. სულ დამარცხებული თუ ხარ, ინტერესი ქრება. ივანიშვილი აყვირებს ტელევიზიებსაც, ოპოზიციასაც, თავის გუნდსაც და აყვირებს იმაზე, რაზეც სურს რომ იყვირონ – სასარგებლო იდიოტების როლში ჰყავს ყველა ესენი და ესენიც ირგებენ ამ როლებს. ხომ არ მომწონს ქართული ოცნება, მაგრამ ამ ოპოზიციასაც არ ვენდობი, როცა ხელისუფლებას ებრძვი, ცხადია, გჭირდება სიცოცხლის დაცვის გარანტია, ამ გარანტიას თუ არ აძლევ ოპოზიცია ადამიანებს და მათი დაცვის ნაცვლად, დაკავებული ხარ იმით, რომ მანდატებს ურიგებ ბინძური წარსულის მქონე ადამიანებს, ჩემნიარი ადამიანები განეიტრალდებიან და ვეღარ იბრძვიან. გარანტიები კი არა, კაბინეტებში დაიბარეს ხალხი და აცემინეს, გიორგი მუმლაძე, მაგალითად, საქმეები ურჩიეს და ხელი აწიეს მასზე. ჩემზე ხელი არ აუწევიათ, მაგრამ მწერდნენ, გნახავთ და მოგივლითო … ოცნებას არ უკადრებია მაგის შემოთვალა, დაგიბარებ და გცემ, იმის გამო, რასაც ჩემზე წერო. რეალურად, გამოდის, ოპოზიცია თავად იშორებს აქტიურ ადამიანებს.

და ბოლოს, აუცილებლად მინდა ეს ვთქვა, ვერ წარმოიდგინეთ საქართველოში დარჩენილები, როგორ უჭირთ ემიგრანტებს. საქართველოში ხომ ძალიან უჭირს ხალხს, მაინც მანდ დარჩენილებში მეტი ბედნიერი თვალები შეგხვდება, ვიდრე ემიგრანტებში. ძალიან დიდი დარდია მათი ამ მდგომარეობაში ყურება. არიან ადამიანები, რომლებმაც იმდენი ცუდი გააკეთეს ცხოვრებაში, რომ შეიძლება, თავადაც არიან მძიმე გზის გავლის ღირსნი, თუმცა, მე მაინც ვთვლი, რომ არავინ იმსახურებს ცუდ ყოფას. ამ ადამიანების, ემიგრანტებს დანაშაული არ მიუძღვით, პირიქით, მათ არ გაუკეთებიათ არჩევანი, ბედის უკუღმართობამ მიიყვანა ისინი ამ დონემდე. მინდა რომ დაბრუნდნენ. და კი, მჯერა, რომ ეს იქნება გამოსავალი, მათი დაბრუნება, ისინი გადაარჩენენ საქართველოს და აუცილებლად დაბრუნდებიან და მეც მათთან ერთად, აუცილებლად დავბრუნდები.

წყარო: ალია.ge