„ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს, როცა პარტიის ხელმძღვანელების არჩევა პარტიის მხარდამჭერების მიერ მოხდება. ეს პროცესი მნიშვნელოვანია თავად პარტიის გაძლიერებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „პარტიის შიგნით იქნება, თუ პარტიის გარეთ, კეთილისმსურველებისგან ამ პროცესის დაკავშირება და ასოცირება ახალაიებთან, კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან, ამ პროცესის დაკნინებაა, რადგან ბევრად უფრო მეტია“.
ბეჟაშვილის თქმით, არჩევნების პროცესმა და განახლებამ ბევრად უფრო მეტი საკითხი უნდა გადაწყვიტოს. მისივე განცხადებით, ეს პროცესი პარტიამ არაერთხელ გაიარა და დარწმუნებულია, ახლაც ასე გაივლის.
„რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ამ საკითხზე არც შეთავაზება და არც საუბარი არც ერთი მხარისგან არ ყოფილა. შესაბამისად, ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ. პარტიაში არიან ლიდერები, რომელთაც შეუძლიათ, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება იტვირთონ და პარტია წაიყვანონ გამარჯვებისკენ. ეს იქნება ხატია დეკანოიძე თუ სხვა, ყველას აქვს რესურსი, პოზიცია ჩამოაყალიბოს და მხარდაჭერა მიიღოს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.