სალომე ზურაბიშვილი აღიარებს, რომ მასსა და მთავრობას შორის, რუსეთთან მიმართებით, განსხვავება მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათისაა, ხოლო რუსეთთან მტრული დამოკიდებულება გრძელდება: “განსხვავება არის ჩემსა და მთავრობას შორის, რომელიც მიიჩნევს, რომ ფრთხილი რიტორიკაა საჭირო, რათა არ მოვიზიდოთ რუსეთის დამატებითი რისხვა, მე არ ვიზიარებ ამ სიფრთხილეს”.
ცხადია, არის განსხვავება ჩემსა და მთავრობას შორის, რომელიც მიიჩნევს, რომ უფრო ფრთხილი რიტორიკაა საჭირო, რათა არ მოვიზიდოთ რუსეთის დამატებითი რისხვა, მე არ ვიზიარებ ამ სიფრთხილეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France inter-თან ინტერვიუში განაცხადა.
ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომზე და საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„ომის მსვლელობის მიმართულება შეიცვალა რამდენიმე კვირის და თვის წინ, როდესაც რუსეთმა გააკეთა მცდარი გათვლები უკრაინის წინააღმდეგობის შესახებ, მცდარი გათვლები ამერიკის და ევროპის შიდა სოლიდარობის შესახებ, უკრაინის წინააღმდეგობის ხანგრძლივობის შესახებ, და დღესაც მცდარი გათვლა იმის შესახებ, რომ შეიძლება უკრაინაზე, ან მსოფლიოზე შთაბეჭდილების მოხდენა ატომური მუქარით, რომელიც სხვა ეპოქისაა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ამაში დამარცხების დასაწყისს ხედავს.
ჟურნალისტის კითხვაზე, ერთი თვის წინ, ასევე რთული ეპიზოდი იყო, როდესაც კრემლმა გამოაცხადა დიდი საყოველთაო მობილიზაცია ბრძოლის ასაკის მქონე რუსების გასაწვევად, მაგრამ მათგან გარკვეულმა ნაწილმა რუსეთიდან გაქცევა და მეზობელ სახელმწიფოებში გადასვლა გადაწყვიტა. გვახსოვს სასაზღვრო პუნქტებთან კილომეტრიანი რიგების შთამბეჭდავი კადრები, რამდენმა შეაფარა თავი თქვენთან, საქართველოში, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 700 000-ზე მეტმა რუსმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, 710 000 დან 720 000 მდე.
– “მათგან 600 000-ზე მეტი, გავიდა სხვადასხვა მიმართულებით, სავარაუდოდ, მეზობელ სომხეთში, თურქეთში და ევროპის ქვეყნებში. რადგან ჩვენგან მათ შეეძლოთ გადასვლა. დაახლოებით, 100 000 დარჩა. ჩვენ დაახლოებით, 30 000 უკრაინელი ლტოლვილი გვყავს, მათი ნაწილი დაბრუნდა, როდესაც სიტუაცია დაწყნარდა კიევში, შემდეგ ისევ ჩამოვიდა, და დაახლოებით, 100 000 რუსი. ამას გარდა, საქართველოს მოსახლეობას, უნდა აღვნიშნო, რომ აქვს რუსეთის მიერ ორი ოკუპირებული ტერიტორია, სამხედრო ბაზებით.
არის დროდადრო ვერბალური დაპირისპირებები, მაგრამ საერთო ჯამში, ეს რუსი მოსახლეობა, რომელიც ჩამოვიდა და ჯერჯერობით რჩება, არის ის, რომელსაც არ სურს გაიზიაროს ამ პუტინისეულ ომში მყოფი რუსეთის ბედი, არ სურთ მობილიზაცია, არიან საშუალო კლასის წარმომადგენელი ახალგაზრდები“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, რატომ დაუშვა ეს ვლადიმერ პუტინმა, რატომ გამოუშვა ისინი, მას სავარაუდოდ, შეეძლო ძალიან სწრაფად ხელი შეეშალა მათი გამოსვლისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა: „თავდაპირველად ვარაუდობდა, რომ ეს შეასუსტებდა მოსახლეობის რეაქციას განსაკუთრებით, მოსკოვში, სადაც ამ მობილიზაციამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, იმის გათვალისწინების გარეშე, რომ ეს ქმნის [ქვეყნის] გარეთ მასას, რომელიც მას არ ექვემდებარება. კიდევ გავიმეორებ, ის ყველა გათვლას არასწორად აკეთებს და ცუდ გადაწყვეტილებებს იღებს. მისი შეხედულებისამებრ”.
კითხვაზე, რას საქმიანობენ ეს რუსები საქართველოში, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ისინი მუშაობენ, „ზოგი რაღაც სახსრებით ჩამოვიდა“.
– “ბევრი მათგანი IT სფეროშია, ისინი მუშაობენ, ზოგი რაღაც სახსრებით ჩამოვიდა. კიდევ გავიმეორებ, მიუხედავად იმისა, თუ რას იმეორებენ აქ ყველგან, მე ვიტყვი, ჩვენ სრულიად და დიდი მონდომებით შევუერთდით საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, რადგან ჩვენი ბანკები არიან როგორც ამბობენ ultra compliant, ამიტომ ისინი (რუსები) იძულებულები არიან ნაღდი ფულით ჩამოვიდნენ, ეს თანხა ეყოფათ თუ არა” – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტის ჰკითხა, ომის დაწყებიდან 8 თვენახევრის შემდეგ რთულია იმის გაგება, ვის მხარეს არის საქართველო, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა სრულიად უკრაინის გვერდით დგას.
– “სრულად უკრაინის გვერდით – რაც შეეხება მოსახლეობას. ამაზე ეჭვი არ არსებობს, ნებისმიერ დროს, როდესაც ამის საჭიროება არის, ხალხი გამოდის ქუჩაში. თქვენ თუ ჩამოხვალთ საქართველოში ნახავთ, რომ კედლები მოფენილია უკრაინული დროშებით და ასევე სლოგანებით, რომლებიც პუტინს არ მოეწონებოდა.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის პოზიციას, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის პოზიცია სრულიად ნაკარნახევია იმ ფაქტით, რომ საქართველო, ბოლო პერიოდებში, რუსეთის მიერ სამჯერ იყო დაპყრობილი და დღეს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია.
– “ამაზე კითხვის ნიშანი არ ისმის. ახლა რაც შეეხება მთავრობას, ის ცდილობს იყოს ფრთხილი, ჩემზე უფრო ფრთხილი, უკრაინის მიმართ ჩემს მხარდაჭერაში მე ძალიან ექსპრესიული ვარ” – აღნიშნა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, მთავრობა ძალიან შორს წავიდა. ამ ზაფხულს თქვენ ხალხის მტერი გიწოდეს, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „ამ ტერმინით არა, ეს ჩემამდე მოვიდოდა. ამ ტერმინით არა, მაგრამ ცხადია არის განსხვავება ჩემსა და მთავრობას შორის, რომელიც მიიჩნევს და ეს მისი გადაწყვეტილებაა რომ, უფრო ფრთხილი რიტორიკაა საჭირო, რომ არ მოვიზიდოთ რუსეთის დამატებითი რისხვა. მე არ ვიზიარებ ამ სიფრთხილეს, მაგრამ ვიზიარებ იდეას, რომ სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ახალი ხაზი არ გაავლოს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს შორის. რუსეთმა არ უნდა იფიქროს, რომ ხვალ, უკრაინაში დამარცხების შემდეგ, რაც მისთვის დამამცირებელი იქნება, საქართველოში იგი საკუთარი უმწიკლოების აღდგენას შეძლებს. გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენ ერთ კალათაში ვართ, და ის რაც ეხება უკრაინას სოლიდარობის და მხარდაჭერის კუთხით, უნდა შეეხოს ხვალ საქართველოსაც“.
მისივე თქმით, მხარეებმა მაგიდასთან დასხდომა უნდა გადაწყვიტონ და ამისთვის ვითარება მომწიფდება.
კითხვაზე, ამ ომს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ეკონომიკური შედეგები ჰქონდა. შიშობთ, რომ შესაძლებელია ევროპელებმა, რაღაც მომენტში, აღარ გამოიჩინონ სოლიდარობა უკრაინის მიმართ, თუ ეს ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთი გათვლას ამაზე აკეთებდა.
– “მას ეგონა, რომ აქაც იგივე მოხდებოდა, რაც ყოველ ჯერზე ხდებოდა საქართველოში: 1991 წელს, 2008 წელს და ყირიმში – 2014 წელს; ცოტა ხმაურის შემდეგ, ევროპელები დაუბრუნდებოდნენ (მასთან) ბიზნესს, როგორც ყოველთვის. ეს ასე არ მოხდა. მას ასევე, ეგონა, რომ კომფორტს მიჩვეული ევროპელი მოსახლეობა აუჯანყდებოდა ხელისუფლებას და მათ სანქციებს, რომლებიც ძვირი უჯდება მოსახლეობას, ეს ასე რადიკალურად არ მოხდა. მართალია, რთულია ეს ყველაფერი, იქნება მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც ნაკლები ენთუზიაზმი ექნება, მაგრამ სრული გახლეჩა, რასაც რუსული მმართველობა ელოდებოდა, არ მოხდა, არცერთი მათი მოლოდინი არ შესრულდა.
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამჯერად, ყველაფერი ნათელია, ევროპის რეორიენტაცია მეტი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის დღესდღეობით საბოლოოა. ყველამ გაიგო, რომ არ შეიძლება დამოკიდებული იყო არადემოკრატიულ ქვეყანაზე. ეს დიდი გაკვეთილია, რომელიც ყველამ გაიგო, უკრაინის წყალობით“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
წყარო: 1tv.ge