ოლიგარქთა რეესტრი პარლამენტის ნაცვლად, შესაძლოა, მთავრობამ შეადგინოს

ოლიგარქთა რეესტრი საქართველოს პარლამენტის ნაცვლად, შესაძლოა საქართველოს მთავრობამ შეადგინოს.

პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტში შესაბამისი შესწორებების შეტანის საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დასვა. კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავს.

“ჩვენ ამ პროცესში პარლამენტის ჩართულობა შემოგთავაზეთ. ეს კოლეგების მხრიდან შეფასდა, თითქოს ინტერესთა კონფლიქტი. სპეკულაციურად გამოიყენეთ, თითქოს ამით უკრაინულ მოდელს ავცდით. ამიტომ გთავაზობთ, რომ პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა იყოს განსაზღვრული ოლიგარქთა რეესტრის შედგენაზე, როგორც ეს უკრაინაშია. მე დავსვი კითხვა, მიაჩნდათ თუ არა ეს ინტერესთა კონფლიქტად და პარლამენტის ჩართულობა იყო თუ არა პრობლემა – ან დაეფიქსირებინათ პოზიცია ან თუ არ დააფიქსირებდნენ პოზიციას, ეს ჩვენი მხრიდან იქნებოდა მიღებული როგორც არდათანხმება და როგორც შემდგომი სპეკულაციების მცდელობა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთი-ერთში რომ არ გადმოვიღოთ უკრაინული მოდელი და პრინციპები, ეს გახდება საფუძველი თქვან, რომ თქვენ უკრაინული მოდელიც არ გადმოვიღეთ სწორად, რაღაც თქვენს თავს მოარგეთ და რაღაც სხვა გააკეთეთ. ამიტომ ამ სპეკულაციებსაც რომ წერტილი დავუსვათ, გთავაზობთ, რომ პარლამენტის ნაცვლად, საქართველოს მთავრობა განისაზღვროს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.