ევროკომისარმა დეოლიგარქიზაციის კანონზე განაცხადა, რომ ამას ვენეციის კომისიის დასკვნა სჭირდება. ანუ მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ლეგიტიმურობა იმ მიდგომის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით. დიპლომატი მეტს ვერაფერს გეტყვის, პრესკონფერენციაზე მიტინგს ვერ გაგვიმართავს – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა “tv პირველის” ეთერში ისაუბრა.
პირველივე დღეს ვამბობდი, რომ დეოლიგარქიზაციაზე საკითხის შემოტანა, ამ თემატიკაში იყო არასწორი იმიტომ რომ მან წაიღო მთელი დისკუსია და მოკლა სხვა დანარჩენი საკითხი. ამასობაში , რა თქმა უნდა, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს პროცესი პროდუქტიული ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ სანამ ამ ხელისუფლებას აქვს სახელისუფლებო ბერკეტი ხმების რაოდენობის თვალსაზრისით, გადაწყვეტილებების მიღების, ის არ დაუშვებდა რაიმე სხვა ტიპის კანონის მიღებას, ამიტომ არაადეკვატური იყო ამ პუნქტის ჩადება მოთხოვნად. სწორი იყო ოპოზიციის იმ ნაწილის განწყობა, რომელიც ამბობდა: თუ დანარჩენი 11 პუნქტი შესრულდა, ეს თავისთავად გამოიწვევს ქვეყნის დეოლიგარქიზაციას.
ნიკა გვარამია დღეს ციხეში ზის არარსებული ბრალდებით, ამიტომ ხელისუფლებას თუ უნდა ვიღაცას პრობლემა შეუქმნას, დავინახეთ, ორი ინსტანციის სასამართლოთი დაგვიდასტურა, რომ მას ეს შეუძლია. თუ მას გადაწყვეტილი აქვს, მაგალითად ბადრი ჯაფარიძე გამოაცხადოს ოლიგარქად, პარლამენტიდან არარსებული მოტივით გაუშვა, ასევე ხვალ შეუქმნის ბადრი ჯაფარიძეს პრობლემას. მით უარესი ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ საბოლოო ჯანში ეს ყველაფერი პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია და აკუმულირდება ბადრი ჯაფარიძის სასარგებლოდ პოლიტიკურად და არა მის საწინააღმდეგოდ. ამიტომ, ხელისუფლება მაინც იმას გააკეთებს, რისი გაკეთებაც უნდა. ამიტომ, ეს დისკუსია, ანუ ევროკავშირის წევრის სტატუსის მიღების დისკუსია, არ შევწიროთ ამ თემას. ხელისუფლებამ მიიღოს როგორი კანონიც უნდა ისეთი დეოლიგარქიზაციაზე”_ განაცხადა თინა ხიდაშელმა.