ბაჩო დოლიძე – ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის მუხტი არსად წასულა

ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის მუხტი არსად არ წასულა, ჩემთვის ცოტა გაუგებარია ეს განცხადება, მაგრამ ლევანს ექნება ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება,- ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტის კითხვას, რისი ჩვენება უნდოდა ლევან ხაბეიშვილს თავის გამოსვლაში როცა ამბობს, რომ მიხეილ საკაშვილის და ვარდების რევოლუციის მხარდამჭერი ხალხის მუხტი პარტიაში უნდა დაბრუნდეს.

როგორც ბაჩო დოლიძე აცხადებს, მან უკვე იცის ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის წარდგენილ რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს.

„ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის მუხტი არსად არ წასულა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ამ პარტიის დამფუძნებელია. შესაბამისად, ძალიან დიდი ელექტორატი პერსონალურად მიხეილ სააკაშვილს მოჰყვება და მისი იდეების ერთგულია. რა არის ეს იდეები: წინსვლის, სახელმწიფოებრივი აზროვნების და ა.შ. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის მუხტი არსად არ წასულა, ჩემთვის ცოტა გაუგებარია ეს განცხადება, მაგრამ ლევანს ექნება ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება. ბრიფინგს რასაც ვუყურე ტონალობა კარგი იყო.

რაც შეეხება შანსებს, ეს ყველაფერი უნდა განსაზღვროს ჩვენი პარტიის ამომრჩეველმა. შესაბამისად, თითოეულ კანდიდატზე დამოკიდებული იქნება, თუ როგორ კამპანიას ჩაატარებს. ყველა ადამიანს უფლება აქვს თავისი კანდიდატურა წამოაყენოს, იმ შემთხვევაში თუ გრძნობს, რომ მზად არის ეს საპასუხისმგებლო პოზიცია დაიჭიროს და იმ დიდ ბრძოლაში ჩაერთოს, რომელი ბრძოლაც ელოდება ზოგადად ჩვენს პარტიას ორი მიმართულებით. პირველი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი და მეორე, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება.

ახლა იცით, რომ სამუშაო ჯგუფი მუშაობს იმაზე, რომ წესები დადგინდეს, როგორ ჩატარდება არჩევნები. აქედან გამომდინარე, წესს შევიმუშავებთ. ამ ყველაფერს პოლიტსაბჭო დაამტკიცებს და შემდეგ კანდიდატებს დრო ექნებათ, რომ საარჩევნო კამპანია აწარმოონ, როგორც თბილისში ასევე, სხვა ქალაქებში.

მე ვარ ჩამოყალიბებული, ამის შესახებ ძალიან ღიად თითოეულ ჩვენგანს მოგვიწევს საუბარი. მთავარია ვფოკუსირდეთ მომავალზე და გავაკეთოთ არჩევანი იმ ადამიანზე, რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციაში ყველაზე ეფექტური იქნება”,-განაცხადა დოლიძემ.

როგორც დოლიძე ამბობს, ,,როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ერთიანები ვართ. შესაბამისად, ბრიფინგებს სხვაგან არ უნდა ვატარებდეთ“.

„ახლა მთავარია უზრუნველვყოთ, რომ პროცესი, რომელიც დაწყებულია, დასრულდეს ძალიან ცივილურად. შესაბამისად, ისე არ მოხდეს, რომ ამ ყველაფრით სხვამ ისარგებლოს და პარტია სუსტი გამოვიდეს“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.