ბიზნესმენი იციკ მოშე თავისი ლიკვიდაციის მცდელობას ანტისემიტიზმის წინააღმდეგ საქმიანობას უკავშირებს

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე თავისი ლიკვიდაციის მცდელობას მისი ორგანიზაციის ანტისემიტიზმის წინააღმდეგ​ საქმიანობას უკავშირებს.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე აცხადებს, რომ ინფორმაცია მისი ლიკვიდაციის დაგეგმვის შესახებ გუშინ, მას შემდეგ შეიტყო, რაც ინფორმაცია პრესაში გავრცელდა.

მისივე თქმით, ისრაელის პრეზიდენტი, საქართველოსა და ისრაელელი მეგობრობის ჯგუფის წევრები დაუკავშირდნენ და მხარდაჭერა გამოხატეს.

„პირველი ინფორმაცია მე გავიგე გუშინ საღამოს, შუადღისას უკვე დაიწერა ქართულ პრესაში, რომ ლაპარაკი არის ისრაელის მოქალაქეზე, ასევე დაიწერა ისრაელის პრესაში, მაგრამ ველოდებოდი საღამოს, რომ სახელი დაიწერებოდა, რადგან შეიძლება, სხვაზეც ყოფილიყო საუბარი. ისრაელის პრესა მარწმუნებდა, რომ ალბათ თქვენზე არის საუბარიო. პირველი ზარი მივიღეთ ისრაელის პრეზიდენტისგან, რომ ის მხარს გვიჭერს და თქვა, გავუფრთხილდეთ თავს. ამის შემდეგ იყო ზარები მეგობრობის ჯგუფებიდან საქართველოდან და ისრაელის ქნესეთიდან. უამრავი მხარდაჭერა იყო, ვინაიდან, ჩვენ არ ვმუშაობთ მხოლოდ საქართველოში, ვმუშაობთ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში. ეს არის დაკავშირება მეგობარ ქვეყნებთან, ეს არის პირველი ჩვენი ისრაელის სახლის შინაარსი და მეორე არის ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. წინა კვირას ჩავატარეთ იერუსალიმში გლობალური ფორუმი ანტისემიტიზმის წინააღმდეგ, სადაც მონაწილეობდა 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის საქართველოდანაც იყო დელეგაცია. წარვადგინეთ მეთოდი, როგორ შეიძლება ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა იციკ მოშემ.

ისრაელის სახლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რაიმე საეჭვო თვალთვალი არ შეუმჩნევია.

„არ მიმიღია არანაირი მინიშნება არც ოფისიდან, არც საქართველოდან, არც ისრაელიდან. მთავარია ფაქტი, რომ საქართველომ დაამტკიცა – არიან პროფესიონალები და აღკვეთეს ასეთი საშინელი გეგმები. საქართველო და ისრაელი ერთად მუშაობენ. როგორც პრესიდან ვიცი, სხვა წყარო მე არა მაქვს, რომ ეს რამდენიმე თვე არის თვალთვალი, რამდენიმე თვე მუშაობენ ამ საკითხთან დაკავშირებით და გამომდინარე შედეგებიდან, ალბათ ერთმანეთთან მუშაობენ. შედეგი არის ძალიან კარგი. თავად ფაქტი არასასიამოვნოა, არის შიშიც, მაგრამ ეს საერთოდ არ მოქმედებს და არ იმოქმედებს საქართველოსა და ევროპაში ჩვენს მუშაობაზე. ვაგრძელებთ იმავე ტემპით. დღეს მოვედით სამსახურში, ჩვეულებრივი დღეა. ეს იყო მესიჯი, რომ საქართველოში შეიძლება ტურიზმის გაგრძელება, საქართველოში შეიძლება ბიზნესის წარმოება. არ მჯერა, რომ როდესაც ომია, ჯარისკაცი უნდა გარბოდეს ჯარიდან და როდესაც რაკეტებს ისვრიან ისრაელში, უნდა დატოვონ ტერიტორია. ვგრძნობ, რომ ვარ წინა ხაზზე და უნდა გავაკეთო ჩემი საქმე, უნდა გავაგრძელო მუშაობა ისრაელის ქვეყნისთვის და ეს არის აუცილებელი, ვინაიდან თუ შენ გიყვარს შენი ქვეყანა, გინდა დააკავშირო მეგობარ ქვეყნებთან, ასეთი აქციები არ უნდა იყოს მიზეზი, რომ შეგეშინდეს ან შეცვალო გეგმები.

სახელები, რომლებიც ითქვა ისრაელისა და ქართულ პრესაში, არის ძალიან ცნობილი, საშიში და საშინელი ორგანიზაციები, რომლებსაც არ მოსწონთ არაფერი სიონისტური და ისრაელური. ჩვენ მომავალ ღონისძიებებში ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ. იმედია, ამის შემდეგ მექნება კონსულტაციები, მაგრამ მთავარია, არც ერთი ასეთი ქმედება, სურვილი ქმედების ან დაზიანების მცდელობა, არ იმოქმედებს ჩვენს საქმიანობაზე“, – აცხადებს იციკ მოშე.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის – „ყუდსის“ ძალებმა საქართველოში ისრაელელ ბიზნესმენ იციკ მოშეს მკვლელობა სცადეს.

ამასთან, ბიზნესმენმა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა.