დავით კირკიტაძე – მივესალმები „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებელი შტაბის შექმნას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის განცხადებით, მიესალმება ლევან ხაბეიშვილის ნაბიჯს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიქმნას მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებელი შტაბი.

კირკიტაძის განმარტებით, ასევე მიესალმება შეთავაზებას, რომ გიორგი ჩალაძე ჩაუდგეს შტაბს სათავეში.

„პირველი და მთავარი გამოწვევა, რაზეც ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა, არის ის, რომ დღეს აქ, ამ კედლებში, ამ პარტიაში ვიმყოფებით და პარტიის დამფუძნებელი, ქვეყნისთვის შანსის დამბრუნებელი და დიახ, ბევრი, ვინც აქ ვდგავართ, ამ ქვეყანაში აღარ ვიცხოვრებდით, გახსოვთ, მაშინ ისეთივე დიდი იყო ნიჰილიზმი და ქვეყნიდან გაქცევის სურვილი, როგორც არის დღეს და მიხეილ სააკაშვილმა მაშინ მოახერხა, რომ შექმნა პარტია, დააფუძნა მოძრაობა, დაუბრუნა ხალხს იმედი, ქვეყანა დაუბრუნა ხალხს, გამოსტაცა კორუმპირებულ კლანებს და ქვეყანას ჰქონდა განვითარების დიდი 9 წელი, საკუთარი დიდი ისტორია, არა მხოლოდ პარტიული, არამედ ქვეყნის ისტორია შექმნა ამ ადამიანმა და ეს ადამიანი დღეს ხელისუფლების მხრიდან არის განწირული. დღეს, ისე როგორც არასდროს, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი და პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობა“ ამას არ შეეგუება.

მივესალმები ლევანის პირველ ნაბიჯს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა შეიქმნას მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებელი შტაბი, მივესალმები ასევე შეთავაზებას, რაც ლევანმა ბრძანა, რომ გიორგი ჩალაძე ჩაუდგეს სათავეში და ჩვენ ყველანი, რიგითები შევალთ ამ შტაბში, რათა გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, რომელიც ასეთ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ამავდროულად, დავით კირკიტაძემ აღნიშნა, რომ იზიარებს ლევან ხაბეიშვილის ხედვებს, რომლებიც ამ დღეებში იქნება საზოგადოებისთვის წარმოდგენილი.

„მხარს ვუჭერ მას თავიდან ბოლომდე. იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მომხრეს, მიუხედავად იმისა, იმყოფება დღეს ქვეყანაში თუ – არა, მიეცემა საშუალება, ჩართული იყოს და საკუთარი ხმა დააფიქსიროს ამ არჩევნებში“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარედ საკუთარ კანდიდატურას აყენებს.