მიხეილ სააკაშვილმა ხალხს დაუბრუნა იმედი, ქვეყანა გამოსტაცა კორუმპირებულ კლანებს და ქვეყანას ჰქონდა განვითარების დიდი 9 წელი, ადამიანი, რომელმაც შექმნა ქვეყნის ისტორია, დღეს ხელისუფლების მხრიდან არის განწირული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.
კირკიტაძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი და პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობა“ ამას არ შეეგუება.
„დღეს აქ, ამ კედლებში, ამ პარტიაში ვიმყოფებით და პარტიის დამფუძნებელი, ქვეყნისთვის შანსის დამბრუნებელი და დიახ, ბევრი, ვინც აქ ვდგავართ, ამ ქვეყანაში აღარ ვიცხოვრებდით, გახსოვთ, მაშინ ისეთივე დიდი იყო ნიჰილიზმი და ქვეყნიდან გაქცევის სურვილი, როგორც არის დღეს და მიხეილ სააკაშვილმა მაშინ მოახერხა, რომ შექმნა პარტია, დააფუძნა მოძრაობა, დაუბრუნა ხალხს იმედი, ქვეყანა დაუბრუნა ხალხს, გამოსტაცა კორუმპირებულ კლანებს და ქვეყანას ჰქონდა განვითარების დიდი ცხრა წელი, საკუთარი დიდი ისტორია, არა მხოლოდ პარტიული, არამედ ქვეყნის ისტორია შექმნა ამ ადამიანმა და ეს ადამიანი დღეს ხელისუფლების მხრიდან არის განწირული. დღეს, ისე როგორც არასდროს, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი და პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობა“ ამას არ შეეგუება“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ და დასძინა, რომ მიესალმება „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებელი შტაბის შექმნას, ასევე შეთავაზებას, რომ შტაბს სათავეში ჩაუდგეს გიორგი ჩალაძე.