„ხაბეიშვილი და „ნაცმოძრაობა“ ფერი ფერს და მადლი ღმერთსო, ამ სიტუაციას ეს გამოთქმა უხდება. რაც არის „ნაცმოძრაობა“, ისეთი ხელმძღვანელი შეიძლება, აირჩიონ და ღმერთმა მოახმაროთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, პარტიის წარმომადგენლებს ფორმალურ ხელმძღვანელობაზე მოუწევთ კონკურენციის გაწევა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ხელმძღვანელი არც მელია ყოფილა და არც სხვა იქნება.
„როგორი სასაცილო ორგანიზაცია და პარტიაა „ნაცმოძრაობა“, ასეთივე ლიდერებს მოუწევთ მის ფორმალურ ხელმძღვანელობაზე კონკურენციის გაწევა. რეალური ხელმძღვანელი არც მელია ყოფილა და არც სხვა იქნება, ვისაც აირჩევენ. მიმდინარეობს გავლენების განაწილება, ნაძარცვი თანხების განკარგვის უფლების განაწილება, ეს არის მათი შიდა ბრძოლის საფუძველი. მგონი, მათი ოლიგარქები მაგრად აშაყირებენ თავიანთ პარტიას, უკვე ერთობიან, ისეთებს ასახელებენ თავმჯდომარეობის კანდიდატად“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძე.
დღეს გამართულ ბრიფინგზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარედ საკუთარ კანდიდატურას აყენებს.