„პატივი უნდა ვცე რუსეთის პოზიციას, რომელმაც თქვა, რომ ეს არ არის მისი რაკეტა“ – ერდოღანი პოლონეთში ჩავარდნილ რაკეტაზე

„მე პატივი უნდა ვცე რუსეთის პოზიციას, რომელმაც თქვა, რომ ეს არ არის მისი რაკეტა. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერმა ასევე მოითხოვა მომხდარის დეტალური გამოძიება.

გარდა ამისა, ერდოღანმა მნიშვნელოვანი უწოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებებს, რომელმაც თქვა, „ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს იყო რუსული წარმოების რაკეტები“.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა.

პარალელურად, პოლონეთის სასაზღვრო სოფელში საიდანღაც ნასროლი რაკეტა ჩავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთში სასწრაფოდ შეიკრიბა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მინისტრთა საბჭოს კომიტეტი. მათ გადაწყვიტეს, გაზარდონ ზოგიერთი დანაყოფის მზადყოფნა და განიხილონ ნატოს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გამოყენება.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ საღამოს გამართულ მიმართვაში განაცხადა, რომ ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა რაკეტა.