რუსეთმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე მხარი დაუჭირა მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას იმ პირობით, რომ მარცვლეული გაჭირვებულ ქვეყნებს მიეწოდოს

რუსეთმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე მხარი დაუჭირა  მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას, თუმცა ტვირთის დანიშნულების პუნქტების კონტროლის პირობით, რომ მარცვლეული გაჭირვებულ ქვეყნებს მიეწოდოს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა განაცხადა.

სილუანოვის თქმით, ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ ბევრმა ქვეყანამ წარადგინა წინადადება „მარცვლეულის შეთანხმების“ გახანგრძლივების შესახებ.

„ჩვენ ვხედავთ მთელ რიგ ქვეყნებში, აფრიკულ ქვეყნებში შიმშილთან დაკავშირებულ სიტუაციას და სწორედ ამ ქვეყნებში მარცვლეულის ნაკადის საკითხი იყო განხილვის ერთ-ერთი თემა. სერგეი ლავროვმა ლიდერთა სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას, თუმცა ვემხრობით, რომ მარცვლეული, რომლის ექსპორტიც ხდება შავი ზღვის შეთანხმების ფარგლებში, გაიგზავნოს სწორედ იმ ქვეყნებში, რომლებიც საჭიროებენ მარცვლეულის მიწოდებას და არა დასავლეთის ქვეყნებში, არა ევროპული ეკონომიკების მქონე ქვეყნებში, როგორც ეს ახლა ხდება“, – აღნიშნა სილუანოვმა.