არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ პარტიაში ვის ჰქვია პარტიის თავმჯდომარე, რადგან ამ პარტიის ამომრჩეველი ცალსახად მიბმულია ადამიანზე, რომელიც ვერც რამდენიმე წლის წინ და ვერც დღეს, ფუნქციურად პარტიის ლიდერი ვერ არის – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების შეფასებისას ისაუბრა.
„როცა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ვიყავი, თავმჯდომარედ ნიკა მელიასთვის ხმა არ მიმიცია არა იმიტომ, რომ მის საწინააღმდეგოდ რამე მქონდა, უბრალოდ, ჩემმა ხანმოკლე გამოცდილებამ „ნაციონალურ მოძრაობაში“, სადაც 2016 წელს მივედი და 2020 წელს დავტოვე, მაჩვენა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ პარტიაში ვის ჰქვია პარტიის თავმჯდომარე, რადგან ამ პარტიის ამომრჩეველი ცალსახად მიბმულია ადამიანზე, რომელიც ვერც რამდენიმე წლის წინ და ვერც დღეს, ფუნქციურად პარტიის ლიდერი ვერ არის… მართლა არ არის ამაზე საუბარი საინტერესო, ეს არის წყლის ნაყვა, სრულიად უაზროდ ჩემი და თქვენი დროის კარგვაა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე პროცესზე საუბარი, რომელიც არანაირ შედეგს არ მოიტანს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების თვალსაზრისით“, – განაცხადა სამადაშვილმა.