ირაკლი ღარიბაშვილი – დამთავრდა დრო, როდესაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები, ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც ქვეყანს სჭირდება, იმას გავაკეთებთ

ჩვენ საქმით ვამტკიცებთ, რომ ვემსახურებით ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. დამთავრდა დრო, როდესაც უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები. ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც ჩვენს ქვეყანს სჭირდება, იმას გავაკეთებთ, – ამის შესახებ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო უპრეცედენტო ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის დამყარება ქვეყანაში.

 

„რამდენიმე დეპუტატის გამოსვლიდან შემიძლია, გამოვიტანო დასკვნა, რომ რა თქმა უნდა, დიდი განსხვავებაა ჩვენ შორის, ჩვენსა და რადიკალურ, ანტისახელმწიფოებრივ ძალას შორის. რაც მათთვის არის უცხო, ის ჩვენთვის ორგანულია, ბუნებრივია. ჩვენ საქმით ვამტკიცებთ, რომ ვემსახურებით ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. დამთავრდა დრო, როდესაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები. ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც ჩვენს ქვეყანს სჭირდება იმას გავაკეთებთ.

ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, მეგობრებს დიდ პატივს ვცემთ. მიუღებელია ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ისევე, როგორც მიუღებელია და არასოდეს მომისმენია რადიკალური ოპოზიციის წევრების შეფასება, როცა მაგალითად, სხვადასხვა სახელმწიფოების ყოფილი თუ მოქმედი წევრები თავს ესხმიან ჩვენი ხელისუფლების, ქვეყნის წარმომადგენლებს, მოქმედ თუ ყოფილ წევრებს.

სად არის აქ ეროვნული ინტერესები, სად ჩანს, რომ ეს ადამიანები იცავენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. პირიქით, ესენი ემსახურებიან მტრულად განწყობილი ადამიანების ჯგუფების ინტერესებს. ომის პარტია შემთხვევით არ ვუწოდეთ რადიკალურ ოპოზიციას, მათი მთავარი ამოცანა იყო და არის სწორედ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა. მზად იყვნენ და არიან, ხელი მოაწერონ ქვეყნის პოლიგონად გადაქცევას, ჩვენ ეს კარგად ვიცით და ჩემს წინა გამოსვლაში გარკვეული მტკიცებულება წარმოგიდგინეთ. ჩვენმა მეგობრებმა გამოსვლებში ახსენეს, რომ შევძელით მართლაც უპრეცედენტო ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება ქვეყანაში, რაც არის საწინდარი კეთილდღეობის, რომელიც მოიტანა „ქართული ოცნების“ მმართველობამ. სად ვიყავით, აღარ გავიმეორებ, ყველას კარგად გახსოვთ, პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს“, – აღნიშნა პრემიერმა.