ჩემთვის ცოტა დამაბნეველია, როდესაც პარლამენტის ზოგიერთი წევრი, რომელთაც თავიანთი საქმიანობა დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციებში, აკრიტიკებს ამ ორგანიზაციების გაწეულ კარგ სამუშაოს, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კელი დეგნანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა დეპუტატ ირაკლი ზარქუას მიერ სენატორ ჯინ შაჰინთან დაკავშირებით გაკეთებულ რეპლიკაზე. ელჩის თქმით, ეს განცხადება „შეუფერებელია“.
„როგორც მესმის, არც ერთი ქართველი გამოიყენებს ასეთ ენას ვინმეს წინააღმდეგ. ვფიქრობ, ეს სრულიად შეუფერებელია და ქართველების უმრავლესობა ამას აცნობიერებს. რაც შეეხება არასამთავრობოების შეზღუდვის შეთავაზებას, ეს ჩემთვის ჟღერდა, როგორც რაღაც კრემლის სახელმძღვანელოდან აღებული, რასაც ვხედავთ, რომ ხდება რუსეთში არასამთავროებოებთან დაკავშირებით. არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რისთვისაც მუშაობს საქართველო ბოლო წლების განმავლობაში. ჩემი გამოცდილებიდან, საქართველოში მოგზაურობისას ის რაც ვნახე, არის მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც შესრულდა არასამთავრობო ორგანზიაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ, რათა დაეხმარონ მოქლაქეებს ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში. ეს არიან ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ გარემოს პრობლემების მოსაგვარებლად, გასაჭირში მყოფი ოჯახებისთვის სამართლებრივი დახმარების გასაწევად; ეს არიან არასამთავრობოები, რომლებიც ცდილობენ სტუდენტების, ახალგაზრდების, დაუცველი ან შშმ პირების დახმარებას; არიან ძალიან ბევრის სახის არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, რომლებიც შედგებიან ადგილობრივი მცხოვრებებისგან, რომლებსაც სურთ პრობლემების გადაჭრა და ამ ქვეყნისა და საზოგადოების, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის გაუმჯობესება.
სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველებს, რომლებიც იკრიბებიან, აყალიბებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ზოგჯერ, ეს ჩემთვის გასაკვირია, რადგან პარლამენტის ბევრი წევრი, მათ შორის მმართველი პარტიიდნაც, მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში, დაიწყეს თავიანთი საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციებში, წვლილი შეჰქონდათ საქართველოს ზრდასა და განვითარებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში მათი კარგი მუშაობით. ასე რომ, ჩემთვის ახლა ცოტა დამაბნეველია, როდესაც მესმის, რომ ზოგიერთი მათგანი აკრიტიკებს იმ კარგ სამუშაოს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ. მე არ ვისურვებდი, რომ საქართველოს დაეკარგა ის ძალა და ხმა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას გააჩნია თავიანთ არასამთავრობო ორგანიზაციებში და სამოქალაქო საზოგადოებაში. ეს არის ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.