“მერე თქვენს “გმირობასა-ც” დავინახავთ, ბატონო ირაკლი!” – გულბაათ რცხილაძე

პრემიერმინისტრის გამოსვლა პარლამენტში მისი სხვა გამოსვლებისგან დიდად არ განსხვავდებოდა: ოპოზიციის მიმართ შემტევი სტილი, დასავლეთში ინტეგრაციის წყურვილის დადასტურება, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ტრაბახი და ყველაფერი ეს ერთად, ხელოვნურად დაყენებული, სარკის წინ საათობით ნავარჯიშები, ხელების ქნევითა და ჟესტიკულაციით. თუმცა ამ “სიკეთეებს” ერთიც დაემატა.

ერთი-ც, აქცენტი სწორედ ამ ნაწილაკზეა, ვინაიდან პრემიერმა, ვგონებ, პირველად, გამოხატა თავისი მაღალი შეფასება უყრაინაში საქართველოდან წასული დაქირავებული ბოევიკების მიმართ – “ისინი გმირები არიან, რადგან თავს სწირავენ – განაცხადა ღარიბაშვილმა თავის კანტურითა და ხელების ცახცახით. განაცხადა მას შემდეგ, რაც საშინელი სტატისტიკა გაგვანდო – 500 ქართველი ჯარისკაცი, რომლებმაც მძიმე ჭრილობები მიიღეს ამერიკისთვის წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში, ავღანეთში და სხვა რეგიონებში; ზოგმა კიდური დაკარგა და ზოგმა კიდევ სხვა ინვალიდობა მიიღო. მათ ნებაყოფლობით გასწირეს თავიო, – დაგვამადლა პრემიერმა.

პრემიერისგან მიჩვეული ვართ, რომ ყველას, ვისი საქციელი მას მოეწონება, “გმირს” უწოდებს. ასე მაგალითად, ღარიბაშვილს არაერთხელ უხსენებია “ჩვენი გმირი პოლიციელები”, “გმირი მეხანძრეები”, “გმირი ექიმები” და ასე შემდეგ. თუმცა იმ კონტექსტში საგმირო არაფერი ყოფილა, ყველა მათგანი თავის მოვალეობას ასრულებდა, რაც თავისთავად არ არის გმირობა, ხოლო პრემიერი მათ “გმირებს” უწოდებს იმ მიზნით, რომ ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენლების (პოლიცია, ექიმები, ჯარი…) გული მოიგოს, ე. ი. ელექტორატში გაიმყაროს პოზიციები.

თუმცა პრემიერს ავიწყდება, ამდენი ხალხი რატომ მიდის “გმირად” სხვის ომში – ამერიკის, უყრაინის და სხვების. ეს იმიტომ კი არა, რომ მათ ღარიბაშვილისგან შეფასება სჭირდებათ, არამედ იმიტომ, რომ სხვა პერსპექტივა გავერანებულ, უცხოტომელთა სათარეშოდ ქცეულ საქართველოში არ გააჩნიათ!

მამრობითი სქესის წარმომადგენლების დიდი უმეტესობა სამუშაოდ (წესიერები) ან საქურდბაცაცოდ (უწესოები) მიდიან საზღვარგარეთ. ქალბატონები, შესაბამისად – სამუშაოდ (წესიერები) ან კიდევ სხვა რამისთვის (უწესოები) მიემგზავრებიან. ნაწილიც (მამაკაცი, ზოგი ქალიც), როგორც ვთქვით – სხვის ომებში ტყვიის გასასროლად მიდის…

ეს არის თქვენი და თქვენი წინამორბედი ხელისუფლებების, ე. წ. “დამოუკიდებელი” საქართველოს შედეგი. უცხოელი “პიარ-მენეჯერების” მიერ დაყენებული ჟესტიკულაცია ვერ შეცვლის ამას. სინდისი უნდა იქონიოთ და აზროვნების უნარი. 

ახლა ნაწილაკ “ც”-ს რაც შეეხება: არ არიან უყრაინაში წასული მებრძოლები არანაირი გმირები. არც ავღანეთში ნამყოფი სამხედროები არიან გმირები. არც ერთ მათგანს სამშობლოსთვის არ უბრძოლია, არც დავით-გარეჯის საზღვარი დაუცავთ და არც ერთი მეტრით აფხაზეთში და შიდა ქართლში არ წაწეულან წინ. სამაგიეროდ, დიდი ალბათობა არის იმის, რომ იარაღს ბოლოს თქვენ შემოგიბრუნებენ (თქვენს მიერ შესხმული ხოტბის მიუხედავად). მერე თქვენს “გმირობასა-ც” დავინახავთ, ბატონო ირაკლი!

 

გულბაათ რცხილაძე

წყარო: “პოლიტფორუმი