დეკემბერში, პლენარულ სესიაზე კენჭს ვუყრით ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ კომპრომისული შესწორებებით მიღებულ ანგარიშს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ კომპრომისული შესწორებებით მიღებული ანგარიშის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.
სვენ მიქსერის თქმით, კომიტეტმა დაამტკიცა კომპრომისული ტექსტი, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მოლაპარაკების შედეგად იქნა მიღწეული.
„ახლა ის გადადის პლენარულ სხდომაზე. პლენარული ცვლილებები შესაძლებელია, ამისთვის საჭიროა ხელმოწერების გარკვეული რაოდენობა და თუ იქნება წინადადებები ცვლილებების შესახებ, მათ კენჭს უყრიან პლენარულ სხდომაზე. საბოლოო შედეგი მიღებული იქნება პარლამენტის უმრავლესობის შეხედულებით“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.
ამასთან, ჟურნალისტებმა სვენ მიქსერს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებაც.
„იყო მოწოდებები და დოკუმენტში ასახული იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის მიღების საშუალება. ეს ჰუმანიტარული პოზიციაა, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეშფოთებების გამო. ეს არ არის პარლამენტის მიერ პოზიციის დაკავება მის კრიმინალურ ბრალდებებთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის. ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ ეს გადაჭრიდა პოლიტიკურ ჩიხს ქვეყანაში“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით 8 ნოემბერს მიიღო. ანგარიშს მხარი დაუჭირა 47 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო ხუთი, ორმა კი თავი შეიკავა.