თინათინ ბერძენიშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და კონსტრუქციული ჟურნალისტიკა გულისხმობს დემოკრატიისკენ წინსვლას.
საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორ თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, კონფერენცია „კონსტრუქციული ახალი ამბები“, რომელსაც დანიის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი ულრიკ ჰააგერუპი საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწვევით ატარებს, საინტერესოა არა მხოლოდ მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის, არამედ ქართული მედიასივრცისთვის.
თინათინ ბერძენიშვილის თქმით, კონსტრუქციული ჟურნალისტიკა არის ახალი მიმართულება და ახლახან დამკვიდრდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
„ძალიან საინტერესო კონფერენციაა არა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის, არამედ ქართული მედიასივრცისთვის. დიდი ხანია, ვსაუბრობთ კონსტრუქციულ ჟურნალისტიკაზე, მის მნიშვნელობაზე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისას. ულრიკ ჰააგერუპმა დანიაში, დასავლეთ ევროპაში კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტი დააფუძნა. ამ სტილის ჟურნალისტიკა უკვე რეალურად გამოიყენება ყველა ნიუსრუმში და იმ სკეპტიკურ შეკითხვებზე გვპასუხობს, რომლებიც ყველა ჩვენგანს შეიძლება გვქონდეს. ეს არის ახალი მიმდინარეობა და სულ ახლა დამკვიდრდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე წელია დავიწყეთ იმპლემენტაცია – ჩვენმა 11-მა ჟურნალისტმა გაიარა საფუძვლიანი ტრენინგი დანიაში, მიემგზავრება კიდევ რვა და ვთქვით, რომ ევროპის მაუწყებელთა მხარდაჭერით, ეს პროექტი გაგრძელდება, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და ეს მიმართულებაც დემოკრატიისკენ წინსვლაა“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
დანიის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელ ულრიკ ჰააგერუპის ვიზიტის ფარგლებში, თბილისში კონფერენცია „კონსტრუქციული ახალი ამბები“ სასტუმრო „რადისონში“ მიმდინარეობს.
ვიზიტის პირველ დღეს, ულრიკ ჰააგერუპმა პირველი არხის პროდიუსერების, რედაქტორებისა და ჟურნალისტებისთვის ვორქშოპი ჩაატარა, რომელიც მოიცავდა როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ცოდნის გაზიარებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებიდან 11-მა უკვე გაიარა გადამზადების კურსი დანიის კონსტრუქციული ახალი ამბების ინსტიტუტში. უახლოეს მომავალში კიდევ ოთხი მიემგზავრება, წლის ბოლომდე კი პირველი არხის 18 ჟურნალისტი იქნება კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მიმართულებით გადამზადებული.
წყარო: 1tv.ge