ზურაბ ჯაფარიძე – ოპოზიცია პარლამენტში გუშინ სუსტად გამოიყურებოდა

ზურაბ ჯაფარიძე – ოპოზიცია პარლამენტში გუშინ სუსტად გამოიყურებოდა.

პარლამენტში ნებისმიერი პროცედურა ხატავს სურათს, რომ ვითომ ჩვენ გვაქვს პარლამენტი, ვითომ პოლიტიკური დისკუსია და დებატებია, ამ პარლამენტს არაფერი ეშველება – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია გუშინ პარლამენტში სუსტად გამოიყურებოდა.

„რატომ გამოიყურებოდა? ორივე მხარეს ადამიანები რაღაცაზე შევთანხმდით, იმათ რაღაც პირობები უნდა შეესრულებინათ და ამ შემთხვევაში, ჩვენ შევდიოდით პარლამენტში, თუ არადა ჩვენ ვიყავით ბოიკოტის რეჟიმში. როდესაც იქითა მხარე გავიდა შეთანხმებიდან, აქეთა მხარეც უნდა გავიდეს შეთანხმებიდან და თუ აქეთა მხარე არ გადის შეთანხმებიდან, ეს ნიშნავს, რომ შენთვის სკამი უფრო ძვირფასია. ამის გამო გამოიყურებოდნენ სუსტად. აქეთა მხარე არის მორალურად სუსტ პოზიციაში, იქითა მხარეს არიან ადამიანები, „ოცნებას“ ვგულისხმობ, რომლებმაც იციან, რომ იმათთვის უფრო ძვირფასი აღმოჩნდა პარლამენტის სკამი. ეგ არის სიმართლე და ეგ არის რეალობა. ვერასოდეს, მორალურად სუსტი მხარე იმას ვერ მოუგებს“ – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

კითხვას, რომ ხელისუფლება დღეს პარლამენტში მორალურად უფრო კარგ პოზიციაზეა თუ არა, ჯაფარიძემ აღნიშნა:

„პარლამენტში ხელისუფლებას ჰყავს ადამიანები, რომლებზეც იციან, რომ საბოლოო ჯამში, ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ და საუბრობდნენ რაღაც პრინციპულობაზე და ა.შ., ბევრი მათგანისთვის ბოიკოტზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საპარლამენტო სკამი. რა თქმა უნდა, ეს იციან და ამ ადამიანებს ისინი ზემოდან უყურებენ. იქიდან იმათმა რამდენიც არ უნდა იყვირონ, იჩხუბონ და რაც არ უნდა აკეთონ, ხელისუფლება მათ მოქმედებებს საბოლოო ჯამში არასერიოზულად უყურებს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამასთან, კითხვაზე, „ეს განცდა მათ ხომ არ შეუქმნა ოპოზიციამ, რომელიც ამ პარლამენტს უყურებს როგორც „ოცნების“ საკუთრებას, თურმე „ოცნების“ პარლამენტია. რატომ არ ხართ თქვენ უფრო ძლიერად და რატომ არ არის ხელისუფლება მორალურად უფრო სუსტ პოზიციაში“.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, თავს ძლიერად გრძნობს, რადგან არ არის პარლამენტში, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში კი, სუსტი გამოჩნდებოდა.

„მე ვარ ძლიერად იმით, რომ არ ვარ პარლამენტში. მე საკუთარ თავთან ვარ მართალი და ეგ არის ჩემი სიძლიერე. ასე ვარ კომფორტულად, რადგან ვიცი, რომ მართალი ვარ. პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, სუსტი გამოვჩნდებოდი.

ჩემი აზრით, ნებისმიერი პროცედურა ამ პარლამენტში, მნიშვნელობა არ აქვს, ინტერპელაცია იქნება, თუ რა იქნება, საბოლოო ჯამში, ხატავს სურათს, რომ ვითომ ჩვენ გვაქვს პარლამენტი, ვითომ იქ არის პოლიტიკური დისკუსია, ვითომ იქ იმართება დებატები და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აწყობს ივანიშვილს, რომელსაც ძალაუფლება აქვს მიტაცებული. ამ აზრზე ვიყავი და ვრჩები ახლაც. ამ პარლამენტს არაფერი ეშველება“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

წყარო: ptn.ge