გია ვოლსკი – ვალერი გელბახიანის განცხადებები არათუ რეალობასაა მოწყვეტილი, თავად სააკაშვილის ინტერესებსაც უპირისპირდება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ადვოკატ ვალერი გელბახიანის განცხადებები არათუ რეალობასაა მოწყვეტილი, არამედ გარკვეულ შემთხვევებში თავად სააკაშვილის ინტერესებსაც უპირისპირდება.

მისივე თქმით, სააკაშვილმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც იუსტიციის სამინისტრომ ბრალდებების საპასუხოდ კვალიფიციური ექსპერტიზის ჩატარების მზადყოფნა გამოთქვა.

„როგორ ჩანს, ვალერი გელბახიანმა სტრატეგია აირჩია, როცა არასერიოზულობით და სკანდალური განცხადებებით ყურადღების მიქცევას ცდილობს საკუთარ პერსონაზე, როგორც ადვოკატზე. მის მიერ გაკეთებული განცხადებები არათუ რეალობასაა მოწყვეტილი, არამედ თავად სააკაშვილის ინტერესებსაც გარკვეულ შემთხვევებში უპირისპირდება. იუსტიციის სამინისტრომ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ბრალდებების საპასუხოდ კვალიფიციური ექსპერტიზა ჩატარდეს. სწორედ ამის შემდეგ გააკეთა სააკაშვილმა განცხადება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ვალერი გელბახიანმა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გაავრცელა ინფორმაცია. მისივე თქმით, მოწამვლის შესახებ უცხოელების დასკვნის საფუძველზე საუბრობს და მოწამვლის თაობაზე ეჭვი თავად სააკაშვილსაც ჰქონდა.

ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც აღნიშნავს: „არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არასდროს მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე, ამ თემაზე სპეკულაციები უადგილოა“. გუშინ კი, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ „სამხარაულის ცენტრს მიმართავენ, გაკეთდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე“.