ირანმა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, ირანელი ქურთების დაჯგუფებებზე მიიტანა დარტყმები

ირანმა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, ირანელი ქურთების დაჯგუფებებზე მიიტანა დარტყმები. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის ანტიტერორისტული უწყების ცნობით, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა უკვე მეორედ მიიტანა დარტყმები ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე.

 

თეირანი ირანელი ქურთების დაჯგუფებებს ირანში მიმდინარე მასშტაბური აქციების მხარდაჭერაში სდებს ბრალს.

ირანული ქურთისტანის დემოკრატიულ პარტიასა და ირანულ-ქურთულ ორგანიზაცია „კომალაში“ აცხადებენ, რომ თეირანის დარტყმების სამიზნე ისინი იყვნენ.

„ეს დარტყმები ირანს მაშინ მიაქვს, როდესაც ირანის ქურთისტანში არ წყდება საპროტესტო აქციები“, – ნათქვამია მათ მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.

ერაყის სახელმწიფო სააგენტო ასევე ავრცელებს ცნობას, რომ ირანმა დარტყმები მიიტანა ერაყის ქურთისტანში სამ „ირანულ ოპოზიციურ პარტიაზე“. ამავე სამიზნეებზე დარტყმები თეირანმა ერთი კვირის წინაც მიიტანა.

თეირანში ამტკიცებენ, რომ ირანში მიმდინარე მასშტაბურ ანტისამთავრობო აქციებს მხარს უჭერენ ირანულ-ქურთული დაჯგუფებები, რომლებიც ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედებენ.

შეგახსენებთ, რომ ირანში ახალგაზრდა ქურთი ქალის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები არ წყდება. მაჰსა ამინი 13 სექტემბერს დააკავეს თეირანში. ე.წ. მორალის პოლიციამ მას თავსაბურავის არასწორ ტარებაში დასდო ბრალი. დაკავებიდან მალევე მაჰსა ამინი გარდაიცვალა. აქტივისტები სამართალდამცველებს ახალგაზრდა ქალის სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ.