პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომამ სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატურების თაობაზე მომზადებულ დასკვნას მხარი დაუჭირა.
დეპუტატებმა ყველა კანდიდატს სათითაოდ უყარეს კენჭი. ამის შემდეგ პროცესი პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს, სადაც კანდიდატებს წარადგენენ, თუმცა მათ კენჭს მოსმენის გარეშე უყრიან.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომიტეტის ფორმატით არ შევზღუდოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი, ყველას ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, ვინც უბრალოდ პროცესში მონაწილეობა მიიღო. ვინც პროცესში მონაწილეობა არ მიიღო, დაძალებით ვერ დავაძალებთ, თუმცა ფორმალურად, თითოეულ კანდიდატს კენჭს მაინც ვუყრით“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის კითხვაზე, სასესიო დარბაზში კენჭისყრაზე ყველა კანდიდატი მიიღებს თუ არა მონაწილეობას, სარჯველაძემ განაცხადა:
„დიახ, პროცედურის მიხედვით ასეა გათვალისწინებული, თუმცა ერთი პროცედურა ასევე მხედველობაშია მისაღები. ჩვენ კი არ ვწყვეტთ საკითხს იმასთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე რომელი კანდიდატი გავა და რომელი არა. უბრალოდ, კომიტეტის მხრიდან ვის ექნება მხარდაჭერა, ვისზე ვეტყვით კომიტეტის მხრიდან, რომ ამას ვემხრობით, კარგი ვარიანტია, ვიღაც ცუდი ვარიანტია, ამაზე გვაქვს საუბარი. ეს გადასაწყვეტი იქნება სამომავლოდ. მე თვითონაც ისე მეჩვენება, რომ თვითონ კენჭისყრა კანდიდატებზე, რომლებმაც უარი თქვეს საერთოდ მონაწილეობის მიღებაზე, გაიმართოს თუ არა, რადგან არის დათქმა მოქმედ რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც, გათვალისწინებულია თანხმობის მოპოვება კენჭისყრამდე. ამიტომ, ესეც მხედველობაში იქნება მისაღები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.