“ექიმების უცოდინრობამ და გულგრილობამ დაგვღუპა…” – რას წერს ელისო ჯანაშია

ჟურნალისტი, ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში ექიმების დაუდევრობით ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ წერს. მისი ინფორმაციით, 7 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე 4 ექიმის ბრალეულობა გამოვლინდა, თუმცა მედიკოსები ისევ აგრძელებენ მუშაობას.

“დღეს უმძიმესი დღე გვაქვს. ანას დედის დაღუპვიდან 7 წლისთავია.

რა უნდა ვთქვა, არვიცი. ერთი ვიცი, რომ ჯანდაცვის გაუმართავმა სისტემამ, ექიმების უცოდინრობამ და გულგრილობამ დაგვღუპა.

4 ექიმის ბრალეულობა გამოავლინა ჯანდაცვის სამინისტროს კომისიამ და რაა მერე?

დღესაც მუშაობენ ის ექიმები. არცერთს არ გაუაზრებია ალბათ საკუთარ შეცდომა თუ დანაშული, მათი მიზეზით დაობლებული ბავშვი ერთხელაც არ გახსენებია, არ შეწუხებულა მომხდარის გამო.

ყველა თავს იმართლებს და მიცვალებულს აბრალებს – რატომ გარისკა. ასეთი ჯანდაცვის პირობებში, მართლა რისკია ყველაფერი.

მომავალ თაობას მაინც უშიშრად დაედგომებოდეს ამ ქვეყანაში, ამას ვნატრობ. ჩვენმა თაობამ, ვერაფერი ქნა, ფაქტია.

დრო არაფერს აშუშებს, ზუსტად იგივე შეგრძნება გაქვს – გტკივა და თან უსუსურობა გღრღნის, რომელიც თვითგვემაში გადადის : იქნებ, ასე მექნა, ისე მექნა, ამერიდებინა ეს ტრაგედია, იქნებ, მეტად შემეჭამა ტვინი მისთვის და წამომეყვანა თბილისში, იქნებ, აქ არ მომხდარიყო….

არადა, რომ ვაცნობიერებ რაც მოხდა და ეს რომ არ იყო გარდუვალობა, როგორ მარტივად შეიძლებოდა ამის არიდება, შიგნიდან ვიშლები ნაკუწებად და ყმუილამდე მტკივა…

როგორ მინდა დღეს ხედავდეს მის უსაყვარლეს ანას და ტკბებოდეს მისით.

ცხოვრების უსამართლობას საზღვარი არ აქვს ..”, – წერს ჯანაშია.