გია ვოლსკი – სერგო თეთრაძე წამებაში მოკლეს, ეს ერთი შემთხვევა ხომ არ არის? ნუთუ არ იცის დევიდ კრამერმა, რომ ასეთი ასობით შემთხვევა იყო

დღეს სერგო თეთრაძეზე იყო საუბარი, სულ არ უნდოდა იმ კონკრეტულ ადამიანს, რომ შეეყვანათ და დამიზნებულად, დავალების მიხედვით ემოქმედა სადამსჯელო ჯგუფს, უსასტიკესად ეწამებინათ და წამებაში მოეკლათ. კონკრეტული გვარებიც ვიცით. ეს ერთი შემთხვევა ხომ არ არის? ნუთუ არ იცის კრამერმა, რომ ასეთი ასობით შემთხვევა იყო?, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დევიდ კრამერის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ გაუგებარია რომელი პოზიციიდან უკან დახევაზე საუბრობს დევიდ კრამერი.

„კრამერის პოზიცია ვიცით. ის არის ამერიკული გვარით ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ლიდერი თუ არა, წევრია რადიკალური ოპოზიციისა. კრამერმა რადგან თქვა, ჩვენ თავი უნდა დავხაროთ და ვთქვათ, რომ დემოკრატიის უკუსვლაა? დღეს სერგო თეთრაძეზე იყო საუბარი. სულ არ უნდოდა იმ კონკრეტულ ადამიანს, რომ შეეყვანათ და დამიზნებულად, დავალების მიხედვით ემოქმედა სადამსჯელო ჯგუფს, კონკრეტული გვარებიც ვიცით, უსასტიკესად ეწამებინათ და წამებაში მოეკლათ. ეს ერთი შემთხვევა ხომ არ არის? ნუთუ არ იცის კრამერმა, რომ ასეთი ასობით შემთხვევა იყო. საიდან დავიხიეთ უკან. მანდ ჩამოვედით ისევ? თუ მაგ მდგომარეობიდან დავიხიეთ უკან?“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, საქართველოს მსგავსი სამაგლითო დასაყრდენი აშშ-ს და დასავლურ სამყაროს რეგიონში არ ჰყავს.

„ვარწმუნებ ყველას, მათ შორის ამერიკელებს, ელჩსაც და სენატის წევრებსაც, რომ ასეთი სამაგალითო, ერთგული დასაყრდენი, როგორიც საქართველოა, აშშ-ს და და დასავლურ სამყაროს არ ჰყავს ამ რეგიონში და თუნდაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი მეგობრობა არ არის განპირობებული რაღაც პრანჭიაობით და პოლიტიკური კეკლუცობით. ჩვენ ერთად გვიომია და კიდევ დავდგებით ერთად, როდესაც საქმე გლობალურ უსაფრთხოებას ეხება“, – განაცხადა ვოლსკიმ.