თურქეთი სირიის ჩრდილოეთში მორიგი სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გეგმავს. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი ტანკებითა და სამხედროებით მალე შეუტევს მებრძოლებს.
თურქეთმა საჰაერო ოპერაცია სირიის ქალაქების – თალ რიფათისა და ქობანის სიახლოვეს კვირას დაიწყო და ავიადარტყმები განახორციელა ქურთი მებრძოლების ბაზებზე. ანკარა მათ პასუხისმგებლობას აკისრებს 13 ნოემბერს სტამბოლში განხორციელებულ ტერაქტზე, რომელსაც ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.
„ჩვენ რამდენიმე დღეა, თვითმფრინავებითა და იარაღით ვუტევთ ტერორისტებს. ჩვენ ამოვძირკვავთ მათ, რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა ერდოღანმა.
ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, „სირიის დემოკრატიული ძალების“ განცხადებით, თურქეთის მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ავიადარტყმებს 15 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა.