თაკრინე ჩარკვიანი – რა ამბავი ატეხა მელიამ, რა ისტერიაა?!

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის თაკრინე ჩარკვიანის განცხადებით, ნიკა მელიამ მსხვილ ოპოზიციურ პარტიას რეიტინგი დაუკარგა.

„დღეს როდესაც მესმის ძალიან სამარცხვინო გამონათქვამები, საბედნიეროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მცირე წარმომადგენლებიდან – თქვენ რატომ ლაპარაკობთ სხვის პარტიაზე? ჩვენ იმდენად გავითავისეთ პროცესი 2018 წელს, დასავლური ვექტორი რომ არ დასუსტებულიყო, მაშინ არ ვიყავით სხვისი პარტია? ჩვენ ვგულშემატკივრობთ პროცესს, ნიკა მელია ერქმევა იმას, პეტრე, თუ პავლე, პიროვნულად არ მაინტერესებს, ჩემთვის ეს ლიდერი გახდა ის, რომ მსხვილ ოპოზიციურ პარტიას დაუკარგა რეიტინგი, პროცენტი და ეს ძალიან არ მსიამოვნებს. ბევრი წავიდა მასთან დაპირისპირების გამო, იგივე ნონა მამულაშვილი, ყველა გაიქცა“, – განაცხადა თაკრინე ჩარკვიანმა.

კითხვაზე, „ყველაზე მსხვილი ოპოზიცური პარტია ახლა დასუსტდა და მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეს ეკისრება პასუხისმგებლობა?“, – თაკო ჩარკვიანი პასუხობს: „მხოლოდ არა, მაგრამ შეიძლება, მასთან ერთად ზუსტად იმ ადამიანებს, რომლებიც ასე აზროვნებენ, რომლებიც ბედავენ, თავს უფლებას აძლევენ, გვითხრან – აი, თქვენ ხომ ოპოზიციაში იყავით. გუბაზ სანიკიძეა, თუ ბევრი ის ადამიანი, ვინც ამ პროცესს შემოუერთდა, ზუსტად იმ ძალისხმევით გაძლიერდა დასავლური ვექტორი. ჩვენ რომ ასე არასახელმწიფოებრივად გვეაზროვნა, მაშინ არ უნდა გავკარებოდით 2017 წელს ძალიან შესუსტებულ „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ასე არ ვიფიქრეთ და ვიფიქრეთ, რომ უნდა მოძლიერებულიყო“.

ამასთან, თაკრინე ჩარკვიანის შეფასებით, დასავლური ვექტორის ოპოზიციურ პარტიას მოქმედებაში მყოფი ლიდერი უნდა ხელმძღვანელობდეს.

„მიკვირს, ამ ბიჭმა, მელიამ რა ამბავი ატეხა, კაცო, თავმჯდომარე მანამდეც ჰყავდა ამ პარტიას და წავიდა ის ადამიანი, რამდენჯერმე გამოიცვალა ამ პარტიამ თავმჯდომარეები და რა ხდება, რა ისტერიაა, ვერ გავიგე, უხერხულია. სახელმწიფოებრივად უნდა იფიქრონ, ხალხი უყურებს მათ. ჩვენ, გარკვეული ადამიანები ვღელავთ მხოლოდ იმიტომ, რომ პროცესმა ძალიან დაიძინა ოპოზიციაში. მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი რომ ხარ და აანონსებ აქციებს, შემდეგ ხელს უწყობ, რომ სახლში გაუშვა, არაფერი თუ არ გეკითხება, მაშინ რისი თავმჯდომარე ხარ? პასუხისმგებლობა არ არის მასზე? აბა ვიზეა? მოქმედებაში მოსული ტიპი, ლიდერი უნდა ხელმძღვანელობდეს დასავლური ვექტორის პარტიას. მინდა, მოვიდეს ისეთი, ვინც მოქმედებაში მოიყვანს მსხვილი, დასავლური ვექტორის პარტიას, რომელიც ისევ ჩხუბს კიარ დაუწყებს ყველა იმ მედასავლეთეს, ვინც „ძალა ერთობაში“ იყო, ყველა კიარ გაექცევა და მუშტიკრივზე კიარ იქნება გადასული – მუმლაძესთან კონფლიქტი ჰქონდა, სულ კუნთებზე იყურება ეს ბიჭი და არ არის ლამაზი. ძალიან საინტერესო ხალხი არსებობს მათ გარშემო და ვერ გავიგე, ერთი ადამიანი ვერ ამოარჩიეს პოლიტიკურ ტლინკებს რომ არ ყრიდეს, ისტერიებს არ მართავდეს? მელიას ტროლბოტები არაფრით აღარ განსხვავდებიან ივანიშვილის ტროლბოტთა სისტემისგან, ცოტა იფიქროს ამ ბიჭმა, იფიქრონ იქ მყოფმა გონიერმა ადამიანებმა, საკმაოდ ბევრი ჰყავთ ასეთი, განაახლონ მენეჯმენტი“, – განაცხადა თაკრინე ჩარკვიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.