ერევანში დღეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სხდომა იმართება

ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მინისტრთა ერთობლივი სხდომა იმართება, რომლის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინის ვიზიტიც არის დაგეგმილი.

ერევანში დღეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრთა, თავდაცვის მინისტრებისა და უშიშროების საბჭოს მდივნების ერთობლივი სხდომა იმართება.

შეხვედრაზე განიხილება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის რეგიონში არსებული სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია.

როგორც სომხური მედია წერს, დაგეგმილია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება, რომელიც მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცებისა და იარაღის კონტროლის, განიარაღებისა და გაუვრცელებლობის საკითხებს შეეხება.

უშიშროების საბჭოს მდივნები კი, გამოვლენ ნაციზმის, ნეონაციზმის, ექსტრემიზმის, შოვინიზმისა და ქსენოფობიის ყველა ფორმის დაგმობის შესახებ განცხადებით.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში შედის სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და რუსეთი.

დღესვე, ერევანში დაგეგმილია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი. ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება.

წყარო: 1tv.ge