მეუფე ნიკოლოზი – მეუფე ზენონი დეკემბერში შეიძლება, ჩამოვიდეს საქართველოში და არ გამოვრიცხავ, მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება შეიცვალოს.
მეუფე ზენონი დეკემბერში შეიძლება, ჩამოვიდეს საქართველოში და არ გამოვრიცხავ, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა.
როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, მეუფე ზენონი დიდი ხანია, საქართველოში არ ჩამოსულა და სინოდის კომისიამ ის გაათავისუფლა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიიდან, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსობიდან.
„საეკლესიო წესების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ეპისკოპოსი სამ თვეზე მეტი ხანი თავის ეპარქიაში არასაპატიო მიზეზით არ იმყოფება, თავისუფლდება, ეს იყო მისი გათავისუფლების მიზეზი. სინოდის კომისიის დადგენილება არ არის საკმარისი საფუძველი, რომ ეს შევიდეს ძალაში, პატრიარქმა მოაწერა ხელი ამ წერილს და დაიბარა მეუფე ზენონი, რათა ეს დაკანონდეს და საბოლოოდ ჩამოერთვას დიდი ბრიტანეთის ეპარქია და მარტო აგარაკ-ტაშირის და დმანისის ეპარქია დარჩეს. ის კი არ განკვეთეს, ეპარქია შეუმცირეს, მაგრამ ესეც არაა საბოლოო. დიდი იმედი მაქვს, თვითონაც ვესაუბრე, ვკითხე და მითხრა, რომ აუცილებლად ჩამოვა დეკემბერში საქართველოში. მგონია, რომ მეუფე ზენონს თუ არაფერმა არ შეუშალა ხელი და დეკემბერში ჩამოვიდა, შეიძლება, გადაწყვეტილება შეიცვალოს. მე არ გამოვრიცხავ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
საქართველოს საპატრიარქომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წმინდა სინოდის წევრების გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან გათავისუფლდა.
წყარო: 1tv.ge