შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შსს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას გეგმავს, რათა უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა იმუშაოს ეფექტურად.
დარახველიძის თქმით, სამინისტროს პოლიტიკა არის მსხვერპლის ინტერესებზე ორიენტირებული, თუმცა რიგ შემთხვევებში ეს ძალისხმევა საკმარისი არ არის.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მის ხელთ არსებული პრევენციული ბერკეტის, შემაკავებელი ორდერის გამოწერის მაღალ ნიშნულს წლიდან წლამდე ინარჩუნებს. ასევე, სხვა უწყებების მხარდაჭერით, სისხლის სამართლის პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით უმკაცრესია. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა არის მსხვერპლის ინტერესებზე ორიენტირებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ეს ძალისხმევა რიგ შემთხვევებში საკმარისი არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას, რათა უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა იმუშაოს ეფექტურად.
გარდა ამისა, უწყებაში ჩვენი თანამშრომლების გადამზადება უწყვეტად მიმდინარეობს, რომ თითოეული შემთხვევა არ დარჩეს ყურადღების მიღმა, ძალადობის თითოეულ ფაქტზე მოხდეს ეფექტური რეაგირება. ვცდილობთ, მაქსიმალურად ორიენტირებული ვიყოთ მსხვერპლზე და გამოვიყენოთ გენდერულად მგრძნობიარე მიდგომები. მზად ვართ, მივიღოთ ყველა წინადადება, კრიტიკა თუ ალტერნატიული მოსაზრება. პროგრესისა და მაქსიმალური მობილიზების მიუხედავად, სამწუხაროდ, ხდება მძიმე ფაქტები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ. მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო საინფორმაციო ღონისძიებები, სლოგანით „არა ქალზე ძალადობას!“