„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე მიიჩნევს, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნების „ფეისბუქით“ ჩატარება არასერიოზულია, რადგან დიდია ალბათობა, რომ საერთოდ გაუქმდეს ფეისბუქგვერდი, თუ ამას გარეშე ძალა მოინდომებს.
მისივე თქმით, ღია, გამჭვირვალე და ემიგრანტების მაქსიმალური ჩართულობით არჩევნების ჩატარება სავსებით შესაძლებელია „ბლოქჩეინის“ პლატფორმაზე, რომლის შემთხვევაშიც, ბაჩო დოლიძის განცხადებით, მეტი დამცავი მექანიზმი არსებობს.
„პირველ რიგში, ღია, გამჭვირვალე და ემიგრანტების მაქსიმალური ჩართულობით არჩევნების ჩატარება სავსებით შესაძლებელია „ბლოქჩეინის“ პლატფორმაზე. დღევანდელ დღეს „ფეისბუქით“ არჩევნების ჩატარება არასერიოზულია, რადგან დიდია ალბათობა იმისა, რომ საერთოდ გაუქმდეს ფეისბუქგვერდი, თუ ეს გარეშე ძალამ მოინდომა. არაა იმდენი დამცავი მექანიზმი, რამდენიც აქვს „ბლოქჩეინს“. „ბლოქჩეინის“ გაუქმება ფაქტობრივად შეუძლებელია. აღნიშნულ საკითხს ცოტა სერიოზულად ხომ უნდა მივუდგეთ. ჩვენ ვსაუბრობთ, რა პლატფორმას გამოვიყენებთ. პლატფორმა უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული და პასუხობდეს დაცვის კრიტერიუმებს.
სამწუხაროდ, „ფეისბუქი“ ამის საშუალებას არ იძლევა, ადვილად მოწყვლადია, ადვილად შეიძლება მანიპულირება, ჯგუფების დარეპორტება და ასე შემდეგ. მგონი, ეს ჩვენს მეგობრებს უნდა ესმოდეთ. გამჭვირვალობა შეიძლება, გადმოვიტანოთ „ბლოქჩეინზეც“. ადრე რა ფუნქციებიც ჰქონდა „ფეისბუქს“, დღეს შეცვლილია. დღევანდელი მოცემულობით, შეიძლება, ორი კანდიდატი მონიშნოს ერთმა ადამიანმა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გაცილებით უკეთესი პროდუქტი დავდოთ და ვიყოთ დაცული. მაქსიმალური დაცულობა იქნება ამ პლატფორმით, ამავდროულად, გაცილებით ბევრ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ვფიქრობ, ყველანი ყველაფერზე ვთანხმდებით და ცოტა გაუგებარია, ახლა რატომ ვირჩევთ ადვილად მანიპულირებად და მოწყვლად სისტემას, როდესაც გამართული სისტემა არსებობს და ამ პლატფორმით უამრავ ქვეყანაში ტარდება არჩევნები, მათ შორის მუნიციპალურ დონეზე“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
კითხვაზე, „რატომ ირჩევენ არჩევნების „ფეისბუქის“ საშუალებით ჩატარებას“, ბაჩო დოლიძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში მეტი კომპეტენციაა საჭირო.
„ვერ გეტყვით. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მეტი კომპეტენციაა საჭირო“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.