ეს ადამიანები მტრობენ, ერთი მხრივ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მეორე მხრივ, მშვიდობას. ებრძვიან ქვეყნის ევროპულ მომავალს, საქართველოს განვითარებას, სწრაფად განვითარებად ეკონომიკას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებრლმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უკრაინის რადას დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
მამუკა მდინარაძეს ჰკითხეს: „ალექსეი გონჩარენკომ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არ არის ჩამოყალიბებული, რომელ მხარეს დგას, სანქციებთან მიმართებითაც არ აქვს სწორი პოზიცია, რაც შეიძლება, აისახოს საქართველოს ევროპულ მომავალზე. როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას“.
მამუკა მდინარაძის თქმით, ამ ქვეყნის არც ეკონომიკასთან და არც მშვიდობასთან ბრძოლა არ გამოუვათ.
„გონჩარენკო თავად არის ძალიან „ჩამოყალიბებული“ პოლიტიკოსი, რადგან რამდენიმე წლის წინ გეორგიევსკის ლენტით დადიოდა და დღეს ვითომ საპირისპირო, პროდასავლური მიმართულებით დეკლარირებს და ლაპარაკობს. ეს არის მისი პორტრეტი. მის ბეგრაუნდს რომ გადავხედოთ, მოგვიწოდებს, შევისეირნოთ აფხაზეთში, ანუ ვლაპარაკობთ პროვოკაციული განცხადებების ავტორსა და ადამიანზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ რუსულ ინტერესებს ქადაგებდა. საერთო სურათში უნდა დავინახოთ პრობლემა, რაშია საქმე სინამდვილეში. სინამდვილეში, საქმე იმაშია, რომ საქართველო ვითარდება სტაბილურად, სწრაფად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის ორნიშნა, მსოფლიოს სავალუტო ფონდი ამბობს, რომ 2027 წელს მთლიანი შიდაპროდუქტი იქნება 10 000 დოლარზე მეტი, 2030 წელს შესაძლებელია, გადააჭარბოს, თუ ასეთი ტემპით განვითარდით. ეკონომიკის თვალსაზრისით გადასცდება 15 000 დოლარს, ევროპულ მაჩვენებლებს ძალიან დავუახლოვდებით. მეორე მხრივ, ამისათვის საჭიროა მშვიდობა, სტაბილურობა, სტაბილური განვითარება, რაც დღეს არის ამ ქვეყანაში. თქვენი აზრით, რას ებრძვიან ეს ადამიანები ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან? ეს ადამიანები მტრობენ, ერთი მხრივ, ეკონომიკურ განვითარებას და მეორე მხრივ, მშვიდობას. მშვიდობას როგორ მტრობენ – შეისეირნეთ აფხაზეთში, სოხუმში, გვახსოვს პირდაპირი და ირიბი ომისკენ მოწოდებები.
გემახსოვრებათ, ვიზიტში ყოფნის დროს მივიღე ინფორმაცია, თითქოს საქართველო უკრაინაში ომით სარგებლობს, პუტინის მიერ წარმოებული საოკუპაციო მოქმედებებით სარგებლობაზე სურთ აქცენტის გაკეთება და ამაში უნდათ საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულონ. ამით რას ურტყამენ იცით და ასეთ სიბინძურეს რატომ კადრულობს ვიღაცა? ურტყამს ეკონომიკურ განვითარებას. მათ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება, მსოფლიოს სავალუტო ფონდმა დადოს პროგნოზი, რომ სულ რამდენიმე წელიწადში 10 000 დოლარს გადასცდება მთლიანი შიდაპროდუქტი, განვითარების ამ ტემპით 2030 წლისთვის გადასცდება 15 000 დოლარს და ამას ებრძვიან – ერთი მხრივ, ეკონომიკას და მეორე მხრივ, მშვიდობას. ამ ქვეყნის არც ეკონომიკასთან და არც მშვიდობასთან ბრძოლა რეალურად, არ გამოუვათ, რადგან მართლები ვართ, მართალია ეს ქვეყანა. რეალურად, მხარს უჭერს იმას, ვისაც უნდა უჭერდეს, ცივილიზებულ სამყაროს, დასავლეთს. 2020 წლის საარჩევნო პროგრამაში გვედო ეს ამბები. მაშინ ჩვენ გარდა, არავის აზრად არ მოსვლია, 2024 წელს განაცხადი შევიტანოთო. შემდეგ სხვა რაღაცების გამო დაჩქარდა მოვლენები. შესაბამისად, ებრძვიან ქვეყნის ევროპულ მომავალს, საქართველოს განვითარებას, სწრაფად განვითარებად ეკონომიკას, მშვიდობას ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.