პაატა მანჯგალაძე – უნდა დავასრულოთ ტრადიცია, როდესაც ხელისუფლება კლავს ან იჭერს წინა ხელისუფლებას

უნდა დავასრულოთ ტრადიცია, როდესაც ხელისუფლება კლავს ან იჭერს წინა ხელისუფლებას, „ქართული ოცნებისთვისაც“ სჯობს, როდესაც შემდეგი ხელისუფლება მოვა, არ მოექცნენ ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხს ჰუმანიტარული კუთხით უნდა შევხედოთ.

„ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური საკითხი არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების მხრიდან. 21-ე საუკუნეში არც ერთ ქვეყანაში არ კლავენ პრეზიდენტს იმის გამო, რომ ვერ იღებს შესაბამის სამედიცინო სერვისს. ეს საკითხი არ არის მარტივი საკითხი და უკავშირდება ჩვენს მომავალს, რომ საქართველო შედგეს, როგორც სახელმწიფო. დავასრულებთ იმ მძიმე ტრაგედიათა ციკლს, რაც დაკავშირებულია პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან. უნდა დავასრულოთ ტრადიცია, როდესაც ხელისუფლება კლავს ან იჭერს წინა ხელისუფლებას. „ქართული ოცნებისთვისაც“ სჯობს, რომ, როდესაც შემდეგი ხელისუფლება მოვა, არ მოექცნენ ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ამასთან, როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს აქვს ბერკეტი, რომ საქმეებზე, რომლებზეც უკვე გამოტანილია გადაწყვეტილება, სააკაშვილი შეიწყალოს.

„სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლოსაც შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება და სააკაშვილს შეუცვალოს აღკვეთის ღონისძიება. მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს როგორც მიხეილ სააკაშვილი, ასევე ნიკა გვარამია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.