უცნაურია, რომ სასამართლომ საზღვრის კვეთის საქმეზე სხდომის შემდგომი თარიღი ამჯერად არ განსაზღვრა

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, უცნაური და კონტექსტიდან ამოვარდნილია ის, რომ საზღვრის კვეთის საქმეზე სხდომის შემდგომი თარიღი სასამართლომ ამჯერად არ განსაზღვრა და სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო. აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც საზღვრის კვეთის საქმეზე სააკაშვილის პროცესი გადაიდო.

„უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ამ საქმეზე სასამართლო პროცესი ყოველ კვირა ინიშნებოდა, იმის

მიუხედავად, რომ სასამართლოს ვაწვდიდით ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და მას შესაძლებლობა არ ჰქონდა სასამართლოსთვის ჩვენება მიეცა. პროცესები მაინც ინიშნებოდა და სასამართლო პროცესის ჩატარებას მუდმივად ცდილობდა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ჩვენთვის მოულოდნელად, მოსამართლემ წარმოადგინა კლინიკა „ვივამედის” მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. კითხვის ნიშნებს აჩენს ის გარემოება, რომ სასამართლომ განსხვავებული მიდგომა აირჩია დღეს და აღარ იყო მოწადინებული მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით პროცესი ჩატარებულიყო. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში” მკურნალობის მიზნით იმყოფება მაისის შემდეგ და ამ ხნის განმავლობაში არათუ არ გაუმჯობესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ იმ კონდიციამდე გაუარესდა, რომ დაახლოებით, 3 კმ-ს მანძილზე ტრანსპორტირებაც კი არ არის შესაძლებელი. ეს ერთადერთ რამეს ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რომელთა გამოსწორება და მკურნალობა არამხოლოდ კლინიკა “ვივამედში”, არამედ სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც შეუძლებელია. ამ საკითხთან მიმართებით გადაწყვეტილება დროულად უნდა იქნას მიღებული, რათა თავიდან ავიცილოთ კატასტროფული მდგომარეობა”. განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.