ჩემი აზრით, მშვიდობის ქალაქი არის ძალიან აქტუალური სლოგანი, რადგან გამოწვევების, უსაფრთხოების რისკის ზრდის, უყრაინა- რუსეთის ომის პირობებში, მშვიდობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის მშვიდობის ადგილი და თბილისი არის მშვიდობის ქალაქი, რომელიც კარს უხსნის, პირველ რიგში, უკრაინიდან დევნილებს და შემდეგ — ყველა ადამიანს, ვისთვისაც მშვიდობა მნიშვნელოვანია.
„ეს ადამიანები ჩამოდიან თბილისში, რათა შეხვდნენ ახალ წელს მშვიდობიან გარემოში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც შინაარსობრივი თვალსაზრისით, ისე ტურისტების მოზიდვის კუთხითაც, რადგან თბილისი იქნება ძალიან კარგად განათებული. მაქვს დიდი იმედი და სურვილი, რომ მომავალ წელს მშვიდობით გავაგრძელოთ ამ ქვეყნის შენება, შევძლოთ ეკონომიკური მაჩვენებლების გაზრდა. ყოველთვის რატომ აწუხებთ ვიღაცებს და რატომ ეხამუშებათ, როდესაც მშვიდობაზე კეთდება აქცენტი? რატომ უნდათ, რომ მაინცდამაინც რაღაცა იყოს ცუდად და იყოს არეულობა, შფოთი. ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, უნდა უხაროდეს, რომ მშვიდობის შენარჩუნება შევძელით“, – განაცხადა დავითულიანმა.