შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ყველა ჩვენგანისთვის და თავად ნატო-სთვის, ამ ნაწილში ჩვენ გვყავს სამი მოკავშირე, რომლებიც ამავდროულად, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები არიან და ასევე, გვყავს ახლო პარტნიორები, როგორებიცაა უკრაინა და საქართველო, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა შავი ზღვა ომის ზონებად დაყო. აქვე, ბლინკენმა აღნიშნა, რომ შავი ზღვა არის ნატო-ს თავდაცვითი სტრატეგიის კრიტიკული კომპონენტი.
„ჩვენ ვხედავთ სარაკეტო იერიშებს, უკრაინული ქალაქებისა და სოფლების მისამართით, რუსული ძალები ბლოკავენ უკრაინის პორტებს და იწვევენ სასურსათო კრიზისს, რომლის მსგავსიც წლების განმავლობაში არ გვინახავს. გაერო-სა და თურქეთის დამსახურებით, შავი ზღვის კორიდორში მიმოსვლა შევინარჩუნეთ. ამაში რუმინეთს კრიტიკული როლი ჰქონდა. ჩვენ გავაძლიერებთ ნატო-ს წარმომადგენლობას შავიდან ბალტიის ზღვამდე და ამ კუთხით ვმუშაობთ როგორც ერთმანეთთან, ისე ნატო-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის სტრატეგია. მარტივად რომ ვთქვათ, შავი ზღვა არის ნატო-ს თავდაცვითი სტრატეგიის კრიტიკული კომპონენტი, თუმცა ეს არაა სტატიკური რამ, ამაზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და ამ თემაზე დღეს ყველა წევრი სახელმწიფოს მინისტრთან ვისაუბრებთ“, – განაცხადა ბლინკენმა.