ჩვენი პარტნიორები უსაფრთხოდ თუ არიან, ჩვენ უფრო დაცულები ვიქნებით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
იენს სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა უყრაინაში მიმდინარე ომზე და განაცხადა, რომ ალიანსმა არ უნდა დაუშვას, ამ ომში რუსეთმა წარმატებას მიაღწიოს.
„პუტინს საშუალებას თუ მივცემთ, გაიმარჯვოს, ჩვენ, ყველანი, გადავიხდით უფრო დიდ საფასურს მრავალი წლის განმავლობაში, რადგან ასეთ შემთხვევაში, პუტინი და სხვა ავტორიტარი ლიდერები გამოიტანენ დასკვნას, რომ მათ შეუძლიათ მიზნის მიღწევა სასტიკი ძალის გამოყენებით. ეს მათ მეტი ძალის გამოყენებისკენ წააქეზებს, რაც ჩვენს სამყაროს — უფრო საშიშს, ჩვენ კი უფრო დაუცველს გაგვხდის. ამიტომ ჩვენთვის უსაფრთხოების გრძელვადიან ინტერესშია უკრაინის მხარდაჭერა.
გრძელვადიანი მშვიდობა ვერ დაისადგურებს, თუ აგრესორი გაიმარჯვებს. გრძელვადიანი მშვიდობა არ იქნება, თუ ავტოკრატია, რეპრესიები გაიმარჯვებს თავისუფლებასა და დემოკრატიასთან ჭიდილში. ჩვენ ვიცით, რომ ომების უმეტესობა მთავრდება მოლაპარაკების მაგიდასთან, თუმცა რა მოხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, უშუალოდ დაკავშირებულია ბრძოლის ველზე განვითარებულ მოვლენებთან. ამიტომ გრძელვადიანი მშვიდობისთვის პირობების შესაქმენლად უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს, როგორც დამოუკიდებელმა და სუვერენულმა სახელმწიფომ. უნდა გავაგრძელოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. ჩვენი გზავნილია, ნატო უკრაინის გვერდით იდგება, ვიდრე საჭიროა. ჩვენ უკან არ დავიხევთ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
„რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ არ დაგვავიწყა სხვა პარტნიორები, რომლებიც რუსეთის ზეწოლის, აგრესიისა და დაშინების წინაშე არიან. მეტიც, ამ ომმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა ჩვენი პარტნიორობა. სწორედ ამიტომ, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ბუქარესტის მინისტერიალზე შეხვდებიან უკრაინელ კოლეგას, ასევე საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რათა ვუპასუხოთ ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა ამ ქვეყნების მედეგობისთვის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და მათი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის, რათა ამ ქვეყნებმა უკეთ შეძლონ თავდაცვა. თუ ისინი არიან მეტად დაცულები, ჩვენ ვიქნებით მეტად უსაფრთხოდ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.