ფული, რომელსაც ხელისუფლება გვირიგებს, რუსეთიდან შემოსულა!

საქართველოს ხელისუფლების განცხადებამ — პენსიებისა და ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით რომ კმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, მტკიცება არ სჭირდება. მმართველი პარტია და პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი თვლიან, რომ ბიუჯეტში შესული თანხები იძლევა ხელფასებისა და პენსიების გაზრდის შესაძლებლობას. ხოლო ბიუჯეტის გაზრდას ისინი თავიანთ გონივრულ, მუყაითურ შრომას უკავშირებენ, რაც თავისთავად ბადებს კითხვას — თუ ასეთი ყოჩაღები იყავით, რატომ ახლა და არა წინა წელს ან იმის წინას?

„ქართული ოცნება“ 10 წელია მართავს ქვეყანას, მაგრამ ესოდენ ხელგაშლილობას ვერც თქვენ, პატივცემულო მკითხველო და ვერც სხვა, თუნდაც ხელისუფლების გულშემატკივარი, ვერ გაიხსენებს. მაშ რასთან გვაქვს საქმე? — მარტივ რეალობასთან, რომელსაც არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ იტყვის.

ოპოზიციის სიმუნჯე გასაგებია — მრავალ მიზეზთა გამო, რომელთა შორის გამოირჩევა მეზობელი ქვეყნისადმი არა მტრული, არამედ ზემტრული დამოკიდებულება. ოპოზიცია, რომელიც თავიდან ბოლომდე კოლექტიური დასავლეთის იდეებისა და სურვილების გამომხატველ-შემსრულებელია, დასავლური დაკვეთის პირნათლად განხორციელებისთვის რუსეთს წყევლა-კრულვას არ მოაკლებს, თუნდაც რუსეთმა ოქროს მთები აუშენოს საქართველოს.

სხვათა შორის, არც ხელისუფლება თაკილობს რუსეთის ლანძღვას და არა მარტო. ის, საერთაშორისო არენაზე არ ერიდება რუსეთის განქიქებას, ამასთანავე რუსეთის საწინააღმდეგო კენჭისყრაში ანტირუსული პოზიციის დაფიქსირების. ზოგი ჭირი მარგებელიაო — რომ იტყვიან, იმასთან გვაქვს საქმე და არა საქართველოში მოგუგუნე საწარმოებიდან შემოსულ თანხებთან.

არც ერთი და არც მეორე (ხელისუფლება-ოპოზიცია) არ ამბობს იმას, რაც უნდა ითქვას. რომ თქვან, მაშინ საზოგადოებას სხვა შთაბეჭდილება შეექმნება. აი ასეთი — რას ვერჩით რუსეთს, შეხედეთ, თურმე, ფული, რომელსაც ხელისუფლება გვირიგებს, რუსეთიდან შემოსულა!!!

გადავხედოთ ოფიციალურ მონაცემებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ა.წ. იანვრიდან სექტემბრამდე რუსეთიდან გადმორიცხულმა თანხებმა, ტურიზმიდან შემოსულთან ერთად, 2,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2,6-ჯერ მეტია წინა წელთან შედარებით და 64%-ით მეტი „კოვიდ-19“-მდე არსებულ მონაცემებთან. შემოსავლის ამ წყაროების წყალობით  2022 წლის ეკონომიკა 9%-ს მიაღწევს.

სავალუტო ფონდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკაში რუსეთის როლი იზრდება და თანაც საგრძნობლად. რა გაეწყობა, საფინანსო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას, შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება განსაზღვრავს და კიდევ მრავალი ფაქტორი, რომელთათვის ხელოვნური ბარიერის შექმნა მხოლოდ დროებით შეფერხებას იწვევს და მეტს არაფერს, ვინაიდან ხალხი ამ დროებით ბარიერებს გვერდს უვლის და აღწევს თავის მიზანს. მხედველობაში მაქვს ოპოზიციის წინადადებები, რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლის შესაკავებლად, სხვა ბარიერები, დაწესებული ხელისუფალთა მხრიდან, ოპოზიციისთვის კოჭის გაგორების მიზნით შემოღებული.

საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები ყოველგვარი პრობლემების გარეშე ხსნიან ანგარიშებს საქართველოს ბანკებში; დოკუმენტების შევსება რუსულ ენაზე არის შესაძლებელი. თვით რუსთა ინფორმაციით ანგარიშის გახსნას საშუალოდ არაუმეტეს 2-5 დღე სჭირდება.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით ა.წ. თებერვლიდან, აგვისტოს ჩათვლით ანგარიში გახსნეს 45000-ზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ. საშუალოდ, თვიურად რუსეთის მოქალაქეები 6-დან 10000-მდე ანგარიშს ხსნიან.

ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ამჯერად ქართული ბანკების კლიენტად  60000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე ირიცხება.

იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხულმა თანხამ 1,1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო რუსთა დაბანდებამ 700 მილიონზე მეტი, რაც 430 მილიონ დოლარით მეტია 2022 წლის თებერვლის მონაცემებამდე არსებულ პერიოდთან შედარებით.

რუსთა საქართველოში შემოსვლამ თავისთავად გამოიწვია ბინებისა და სახლების გაქირავება-ყიდვაზე ფასების მატება. ერთსაძინებლიანი ბინა, რომელიც ადრე 400-500 დოლარად ქირავდებოდა, დღეს 1000-1200 დოლარად ქირავდება. თბილისში არენდის ფასი 74%-ით გაიზარდა — 9 დოლარი კვ. მეტრზე. უძრავი ქონების შესყიდვაზეც ფასები გაზრდილია, საშუალოდ 20%-ით წლიურად. კვადრატული მეტრის ფასი — 964 დოლარია.

რუსეთში გამოცხადებულმა მობილიზაციამ საქართველოს კარს რუსული კომპანიებიც მოაყენა. მათი რაოდენობა ამჯერად 17000-ს შეადგენს. როგორც თვით ეს კომპანიები აცხადებენ, ისინი ხანგრძლივი ვადით გადმოვიდნენ საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საწარმოებლად.

და კიდევ, სულ ახლახანს, ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც უცხოეთიდან გადმორიცხული თანხებს ეხება. მარტო ა.წ. ოქტომბერში რუსეთიდან გადმოირიცხა 300 მილიონამდე (!!!) დოლარი. მეორე ადგილზე იტალიაა — 30 მილიონი დოლარი, შემდეგ აშშ-ი და სხვა ქვეყნები, გაცილებით ნაკლები გადმორიცხვებით.

რაზე მეტყველებს ეს სტატისტიკა?

მიუხედავად ანტირუსული ყროყინისა, რასაც ყოველდღიურად ვისმენთ პოლიტიკოსთა, ექსპერტთა, საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან, რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები გაცილებით მრავალნი არიან, ვიდრე სხვა ქვეყნებში და გაცილებით უკეთ გრძნობენ თავს იქ, ვიდრე სხვაგან. ეკონომიკურად სუსტად მყოფი, ერთ თვეში 300 მილიონს დოლარს ვერ გადმოურიცხავდა საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრებს, ნათესავებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, იქნებ აჯობებდა ანტირუსული რიტორიკისთვის წერტილის დასმა?! უკრაინაში, ე.წ. მოხალისეთა ვითომ პატრიოტული სულისკვეთების გამოვლინების მედიაში გაშუქება, განსაკუთრებით ელექტრონულში; უკრაინაში დახოცილ მეომართა გმირებად გამოცხადება და საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალვა.

არაერთხელ დავწერე და გავიმეორებ — ისინი რომ აცხადებენ უკრაინაში რუსებს ვებრძვით და ამით საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ვიცავთო — ტყუილია! ისინი, იქ ფულისთვის იბრძვიან.

დავასრულებ იმით, რითაც დავიწყე — საქართველოს ხელისუფალთა ყოყოჩობით, საბიუჯეტო თანხების გაზრდას რომ უკავშირდება. ხელისუფლებას სხვაგვარი მიდგომა უნდა ჰქონოდა ამ საქმისადმი, მეტადრე სიღრმისეული და არა მჩატე, რაც ხელფასების მატებაში გამოიხატა.

ხელფასების მატება უდავოდ გაზრდის (ისედაც უსაშველოდ გაზრდილ) ინფლაციას, პირველი მოთხოვნილების საგნებზე, კვების პროდუქტებზე, მომსახურებაზე ფასებს, რასაც მომატებული ხელფასი ვერ გაწვდება. გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა იქნება სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ — აქ ჩამოსახლებული რუსობა დარჩება თუ სამშობლოში დაბრუნდება?

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი