ექიმი დიანა ხონელიძე სოციალურ ქსელში ახალგაზრდა კოლეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს და ფაქტობრივად გარდაცვლილი ადამიანი გააცოცხლეს.
დიანა ხონელიძე ახალგაზრდა ექიმებს მადლობას საჯაროდ უხდის.
„დღეს მე, ქეთი და ბავშვი მარტოები ვიყავით, როცა ხმაური გავიგეთ… თურმე ჩემი კარის მეზობელი – შუახნის მამაკაცი, რომელიც შშმ ძმასთან ერთად ქირით ცხოვრობდა, სამსახურში არ გამოცხადების შემდეგ, თანამშრომლებმა ფაქტობრივად გარდაცვლილი იპოვეს….
ვერ აღვწერ რა საუკუნეებად მომეჩვენა ის წუთები, სანამ სასწრაფო მოდიოდა, ეს წუთები ჩემი ცხოვრებისის ეპიზოდია, რომელიც აღარ დამავიწყდება, ახლა მინდა სხვა რამე ვთქვა.
მოვიდა ბრიგადა, ნათია და ოთო (არ ვიცი გვარები), დახვდათ სიტუაცია, სადაც სხვა პაციენტს ხელსაც აღარ მოჰკიდებდა: გაჩერებული სუნთქვა, გაჩერებული გული და გინეკოლოგის მიერ, სავარაუდოდ ხარვეზებით ნატარები 10 წუთიანი რეანიმაცია.. მერე ვიხილე ის, რასაც აქამდე მეგონა კინოებში აჩვენებდნენ მხოლოდ, დახვეწილი ზუსტი მოძრაობები, შეთანხმებული ქმედებები…
არ ვიცი რამდენი წუთი გავიდა, შედეგი ნული, დანებდნენ პატრონები, დავნებდი მეც, არ დანებდნენ ახალგაზრდა ექიმები ნათია და ოთო და სასწაული მოხდა…
მე არ ვიცი რა იქნება ხვალ, როგორ იქნება ის ბატონი, მაგრამ ვიცი, რომ ახლა ის ცოცხალია!
არ ვიცი ჰყავს თუ არა მას ის, ვინც მადლობას გეტყვით, ამიტომ მინდა საჯარო მადლობა გადაგიხადოთ მე, იმისთვის რომ ხართ, იმისთვის რომ ასეთები ხართ, იმისთვის რომ თქვენნაირები არსებობენ, იმისთვის რომ დღეის შემდეგ ნაკლებად მეშინია…
(დარწმუნებული ვარ გვეყოლება საერთო მეგობრები და ეს მადლობა თქვენამდე მოვა)
სულ ასეთი ბედნიერები იყავით, როგორი გულწრფელი ბედნიერებაც იყო დღეს თქვენს სახეებზე, როცა შეუძლებელი შეძელით!
დღეს მამაჩემის გარდაცვალების დღეა, ვერც კი აღვწერ რა ხდებოდა იმ წუთებში ჩემს გულში….
ვინ იცის,7 წლის წინ ჩემს მამიკოსაც რომ ასეთი ნათია და ოთო შეხვედროდა, დღევანდელობა სულ სხვა იქნებოდა…“, – წერს დიანა ხონელიძე.