საქართველომ რუსეთიდან გადმორიცხვებით რეკორდულად იხეირა

2022 წლის ოქტომბერში რუსეთიდან გადმორიცხვები, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, რვაჯერ გაიზარდა. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წლის იანვარი–ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 73,4%-ით გაიზარდა და 3.316 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
ამ ვითარებაში, არ ცხრება ანტირუსული განწყობები როგორც აშშ-ევროპიდან მართულ პოლიტიკურ სპექტრში, ისე მასმედიაში, ხალხის გაბითურების მიზნით. რუსეთს საქართველოს ეკონომიკის გადარჩენა “არ უნდა ჩაერთვალოს”. თუმცა ამჟამად მხოლოდ სტატისტიკას მივყვეთ:
ფულადი გზავნილების მოცულობით ისევ ლიდერობს რუსეთი, რომელიც გასულ წელს რამდენიმე თვის განმავლობაში პირველობას იტალიას უთმობდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.434,3 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 43,2%-ია.
გადმორიცხვები რუსეთიდან ოქტომბერში რვაჯერ გაიზარდა.
საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 142,9%-ით გაიზარდა და 520 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველოში რუსეთიდან ოქტომბერში გადმოირიცხა 299,3 მლნ დოლარი – საერთო მოცულობის 59,6%. 2022 წლის ოქტომბერში რუსეთიდან გადმოირიცხა 725,6%-ით მეტი, ვიდრე 2021 წლის ამავე პერიოდში.
რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ვალუტის მოცულობას, 2022 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31,4 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3,7%-ით მეტია.
2022 წლის ათ თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ გადაირიცხა 276,2 მლნ დოლარი, რაც 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 10,5%-ით მეტია.