საქართველოში ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას განცხადებით, ნატო-ს 2023 წლის სამიტზე, რომელიც ვილნიუსში გაიმართება, საქართველოს მიმართ მეტ მხარდაჭერაზე ისაუბრებენ.
„გუშინ ბუქარესტში ლიეტუვის მინისტრმა თქვა – მხარი დაუჭირეთ უკრაინას, დარჩით მშვიდად და მიეცით ტანკები უკრაინას. ნატო-ს მომდევნო სამიტი 2023 წელს ვილნიუსში გაიმართება. ასე რომ, გეოგრაფიულად და გეოპოლიტიკურად ის იქნება ძალიან ახლოს ნატო-ს აღმოსავლეთ პარტნიორებთან. ვილნიუსის სამიტის დროს ვიმსჯელებთ იმასთან დაკავშირებით, როგორ დავუჭიროთ საქართველოს მხარი უფრო მეტად“, – განაცხადა ანდრიუს კალინდრამ.
რაც შეეხება კითხვას, რა რეფორმები უნდა გაატაროს საქართველომ, რომ გახდეს ნატო-ს წევრი, ანდრიუს კალინდრა პასუხობს, რომ „არ არსებობს და ვერ იქნება ამის ფორმულა“.
„მიდგომა არის მხოლოდ ის, რომ ქვეყანა უნდა იყო მზად და ამჟამად იგივე ეხება ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების გზას, რომლებიც იყვნენ მზად და არ იყო საჭირო წევრობის სამოქმედო გეგმა ან მსგავსი რამ. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ დარჩეთ ერთგული არჩეული გზის მიმართ“, – აღნიშნა ანდრიუს კალინდრამ.