ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსური ბაზრების განვითარების მხარდამჭერი პროგრამისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) 220 ათასი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოყო, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში დაამტკიცა.
USAID – ის გრანტით დაფინანსებული პროექტი მიზნად ისახავს ფინანსური ბაზრების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას მომდევნო 2 წლის განმავლობაში.
გრანტის ათვისებას და შესაბამის აქტივობათა კოორდინაციას – საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია (GFMTA) განახორციელებს. USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის გრანტით დაფინანსებული პროგრამა მოიცავს საგანმანათლებლო, კვლევით და ასოციაციის ორგანიზაციული გაძლიერების კომპონენტებს. პროექტი ასევე მიზნად ისახავს, ფინანსური ბაზრების განვითარების ხელშესაწყობად ასოციაციის მიერ დაგეგმილი აქტივობების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსურ მხარდაჭერას.
პრეზენტაცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და USAID – ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა საქართველოში, მარიკა ოლსონმა გახსნეს.
პროგრამის წარდგენას სასტუმრო „პულმანში“ ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების, საპენსიო სააგენტოს, ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების, საბანკო ასოციაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
“საქართველოს ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს ფინანსური ბაზრების განვითარების საკითხებს. დღეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი წამოწყების აღსანიშნავად შევიკრიბეთ. განვითარებული ფინანსური ბაზრები პროდუქტიულ ინვესტიციებში ფინანსური რესურსების უფრო ეფექტიან განაწილებას, უფრო სწრაფ, სტაბილურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს. ასევე, გულისხმობს მეტ ფინანსურ სტაბილურობას და უკეთესი გადაცემის მექანიზმს მონეტარული პოლიტიკისთვის. ვიმედოვნებ, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია კერძო და სახელმწიფო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის კარგ პლატფორმად ჩამოყალიბდება და თავის პოზიტიურ წვლილს შეიტანს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებაში”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
“USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამა მხარს უჭერს კაპიტალისა და ფულის ბაზრების განვითარებას, რადგან ეს ხელს უწყობს ფინანსების ხელმისაწვდომობას და დივერსიფიკაციას. განვითარებული ფინანსური ბაზარი ბიზნესს აძლევს ახალ შესაძლებლობებს კაპიტალის მოზიდვისთვის”, – აღნიშნა ნატალია ბერუაშვილმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა.
“ახალი პროგრამის წარდგენა USAID-თან ჩვენი მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლების მაგალითია. ფინანსური ბაზრების ასოციაცია არის პლატფორმა, სადაც ერთი მხრივ ხდება ბაზრის განვითარების საკითხებზე კერძო და საჯარო სექტორის, ასევე ფინანსური სექტორის მონაწილეთა შორის თანამშრომლობა ერთიანი მიზნისათვის. ჩვენთვის ფინანსური ბაზრების განვითარება, მათი გამჭვირვალობის ზრდა, ბაზრის მონაწილეებს შორის სამართლიანი ქცევის პრინციპებისა და ნორმების არსებობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამიტომ მივესალმებით ამ პროგრამის დაწყებას, რომელიც საკუთარ წვლილს შეიტანს ბაზრის მონაწილეთა პროფესიული განვითარების და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაში”, – განაცხადა ფინანსური ბაზრების ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარემ, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია – GFMTA 2018 წელს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ინიციატივით დაფუძნდა. დღესდღეობით, GFMTA ყველაზე დიდი პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც ზრუნავს საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარებაზე და ქვეყნის ფინანსური ბაზრების სხვადასხვა სეგმენტში მოქმედ 15 სუბიექტს აერთიანებს, მათ შორისაა 11 კომერციული ბანკი და 3 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ასოციაციის მისიაა საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარებაზე ზრუნვა; კონკურენტული, გამჭვირვალე, სამართლიანი და ლიკვიდური ფინანსური ბაზრების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ასევე, ბაზარზე საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვა. მისიის შესასრულებლად ასოციაცია ბაზრის მონაწილეთა პროფესიული ქცევის მაღალი სტანდარტების და კომპეტენციების დანერგვაზეც მუშაობს.