ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები თანხმდებიან, რომ უყრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარების გაგრძელება აუცილებელია, კერძოდ, დამატებითი საჰაერო თავდაცვა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასრულების შემდეგ პრესკონფენციაზე განაცხადა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომზე, ასევე ქვეყნის საჭიროებებსა და გრძელვადიანი მხარდაჭერის აუცილებლობაზე გამახვილდა ყურადღება.
„გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთად, ჩვენ განვიხილეთ რუსეთის უკანონო ომი უკრაინაში, ქვეყნის ყველაზე გადაუდებელი საჭიროებები და ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერა. უკრაინას მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს, მაგრამ ჩვენ სათანადოდ უნდა შევაფასოთ რუსეთი.
მოკავშირეებმა ასევე გამოაცხადეს დამატებითი წვლილის შესახებ ნატო-ს ყოვლისმომცველ დახმარების პაკეტში, რომელიც უკრაინას არალეტალურ დახმარებას უწევს და უზრუნველყოფს საწვავითა და გენერატორებით“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო არის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ალიანსი, მაგრამ გამოწვევები, რომელთა წინაშეც ალიანსი დგას, გლობალურია. გამოწვევებზე საუბრისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ჩინეთის ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება.
„დღეს, დილით მოკავშირეებმა განიხილეს ჩვენი ინტერესების, ღირებულებებისა და უსაფრთხოების მიმართ ჩინეთის მიერ წამოყენებული გრძელვადიანი გამოწვევები და თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გამძლეობის გაძლიერება.
ნატო არის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ალიანსი, მაგრამ გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, გლობალურია და ჩვენ ერთად უნდა გადავჭრათ ისინი ნატო-ში. ჩვენ არ განვიხილავთ ჩინეთს მოწინააღმდეგედ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩინეთთან ურთიერთობას, ვიდრე ეს ჩვენს ინტერესებში იქნება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა ენერგოდამოუკიდებლობის საკითხზეც ისაუბრა.
„უკრაინის ომმა აჩვენა ჩვენი სახიფათო დამოკიდებულება რუსულ გაზზე. ამან ასევე უნდა მიგვიყვანოს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებზე, განსაკუთრებით, ჩინეთზე, ჩვენი დამოკიდებულების შეფასებამდე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ვაჭრობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას ჩინეთთან, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი დამოკიდებულების შესახებ. შევამციროთ ჩვენი მოწყვლადობა და ვმართოთ რისკები.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს ნატო-ს გამძლეობის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვის მნიშვნელობა და ჩვენი ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნება. ჩვენ ასევე უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობის გაძლიერება ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის პარტნიორებთან, ასევე ევროკავშირთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ერთ-ერთი თემა ასევე იყო ტერორიზმი.
„მინისტრებმა ასევე განიხილეს ტერორიზმი, ყველაზე პირდაპირი ასიმეტრიული საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვნახეთ ბოლო დროს სტამბოლში მომხდარი საშინელი თავდასხმა. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა ამ საფრთხის აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.