უყრაინისგან ვისწავლეთ გაკვეთილი, რომ ჩვენ მხარი ახლა უნდა დავუჭიროთ საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ზეწოლა და გავლენა განსხვავებულია მათ მიმართ, ბევრად უკეთესია მათი მხარდაჭერა ახლა, ვიდრე როდესაც მოვლენები არასწორი გზით ვითარდება, როგორც ეს უკრაინაში შეჭრით ვიხილეთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ნატო-ს აქვს წვრთნისა და შეფასების ცენტრი, ნატო-ს ათობით ინსტრუქტორით, ნატო-ს მოკავშირეები კი ახალ განცხადებებს აკეთებენ შემდგომი მხარდაჭერისთვის.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, მოწვეული იყო ნატო-ს მოკავშირეების მიერ ჩვენს წინა სესიაზე, სადაც გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა სამივე პარტნიორის მიმართ. ვფიქრობ, უკრაინისგან რა გაკვეთილიც ვისწავლეთ, არის ის, რომ ჩვენ მხარი ახლა უნდა დავუჭიროთ მათ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ზეწოლა და გავლენა განსხვავებულია მათ მიმართ, ბევრად უკეთესია მათი მხარდაჭერა ახლა, ვიდრე როდესაც მოვლენები ძალიან არასწორი გზით ვითარდება, როგორც ეს წლის დასაწყისში უკრაინაში შეჭრით ვიხილეთ. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რომ საქართველოში ჩვენ გვაქვს წვრთნისა და შეფასების ცენტრი, ნატო-ს ათობით ინსტრუქტორით, ნატო-ს მოკავშირეები კი ახალ ვალდებულებებსა და განცხადებებს აკეთებენ შემდგომი მხარდაჭერისთვის, რადგან ჩვენ გვჭირდება ხანგრძლივი პარტნიორობის ჩამოყალიბება საქართველოსთან. ჩვენ ვიყენებთ საწვრთნელ ცენტრს ამისთვის. ასევე, ყველა მოკავშირემ გამოთქვა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამავდროულად, მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას საქართველოში და ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად, რათა განვახორციელოთ გაძლიერებული დახმარების პაკეტი, რომელზეც შევთანხმდით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში, ნატო-ს მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ბოლო სესიას შეუერთდა ნატო-ს სამი ღირებული პარტნიორი – ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა, რომლებიც რუსულ ზეწოლას განიცდიან. მისივე თქმით, განიხილეს უსაფრხოებასთან დაკავშირებით საერთო შეშფოთებები და თანამშრომლობის გაძლიერების გზები.
„ნატო-ს მოკავშირეები დათანხმდნენ, გააძლიერონ ჩვენი მორგებული მხარდაჭერა, მათ შორის შესაძლებლობების გაძლიერება, რეფორმები და წვრთნები, რათა გააუმჯობესონ მათი უსაფრთხოება და თავდაცვითი ინსტიტუციები.
ამასთან, გუშინ და დღეს ჩვენს ყველა დისკუსიაში შემოგვიერთდნენ ფინეთი და შვედეთი. ნატო-ში მათი წევრობის რატიფიკაციის პროცესი ახლა თითქმის დასრულებულია. მათი გაწევრიანება მათ უფრო უსაფრთხოს გახდის, ჩვენს ალიანსს – უფრო ძლიერს, ევროატლანტიკურ ზონას კი – უფრო დაცულს. დროა, მივესალმოთ მათ, როგორც ალიანსის სრულუფლებიან წევრებს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.