კახა კალაძე – რომ არა ქოცნება, თბილისი უკვე ნამდვილად იქნებოდა არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი

კახა კალაძე – გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკური პროცესები სხვაგვარად რომ წარმართულიყო, კონკრეტულ ჯგუფს ძალაუფლება დაებრუნებინა, თბილისი ნამდვილად იქნებოდა არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი.

გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკური პროცესები სხვაგვარად რომ წარმართულიყო და კონკრეტულ ჯგუფს ძალაუფლება დაებრუნებინა, თბილისი ნამდვილად იქნებოდა არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი, – ამის შესახებ დედაქალაქი მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი სლოგანი „მშვიდობის ქალაქი“ არანაირ პოლიტიკურ გზავნილს არ შეიცავს.

„წელს ჩვენი საახალწლო სლოგანი იქნება „მშვიდობის ქალაქი“. მშვიდობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ქალაქისთვის. იმ გამოწვევების ფონზე, რაც არის რეგიონში, რა ვითარებაც არის მსოფლიოში, ყველა ადამიანი, რასაც ინატრებს, ჩაიფიქრებს, არის მშვიდობა. თუმცა, შემაშფოთებელ ტენდენციას მინდა, გამოვეხმაურო. საკმარისია, ხელისუფლების, ქალაქის მთავრობის ან თუნდაც საზოგადოების მხრიდან გაჩნდეს საყოველთაო ფასეულობებზე დაფუძნებული იდეა, რომ მაშინვე იწყება ბულინგი, შეურაცხყოფის მიყენება, ცილისწამება. ზუსტად ვიცი, ეს არ არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა. კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა, პოლიტიკოსებმა სცადეს, ჩვენი სლოგანი წარმოეჩინათ, როგორც ნიშნის მოგება უკრაინელების მიმართ, რაც არის უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაცია. ქალაქის მიმართ სიყვარულით განმსჭვალული ადამიანი ამას არასდროს იკადრებს და გააკეთებს. კარგად მესმის, რომ ამ ადამიანებს სამშობლოს მიმართ არც სიყვარული აქვთ და არც ღირსება.

ყოველ ახალ წელს ადამიანები აღნიშნავენ მთავარ სიკეთეს, რითაც გასული წელი ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ და უსურვებენ ყველაზე მნიშვნელოვანს. იმ უმძიმეს ვითარებაში, რომელიც რეგიონში და ზოგადად, თანამედროვე სამყაროშია შექმნილი, სწორედ მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც ყველას 2022 წელმა გვაჩუქა. ამასთან, ვისაც თითოეული ქართველი მშვიდობას უსურვებდა, სწორედ ჩვენი უკრაინელი და კიეველი მეგობრები არიან. მშვიდობა იყო, არის და იქნება მთავარი ღირებულება, რაზეც ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ის, რომ ყველა ქალაქი უნდა იყოს მშვიდობის ქალაქი, ეს მავანთათვის თურმე კითხვებს აჩენს. თურმე, როგორ გავბედეთ და ვახსენეთ მშვიდობა, რომლისკენაც ყველა, მათ შორის ჩვენი მეგობარი, გმირი უკრაინა მიისწრაფვის. გმირი უკრაინელი ხალხი დღეს სწორედ ამისთვის იბრძვის. მე დღეს მრცხვენია ამ თემაზე საუბრის და ახსნა-განმარტებების. არ ჩავიფიქროთ მშვიდობა? საახალწლო სლოგანში არ იყო ჩადებული არავითარი პოლიტიკური გზავნილი. მშვიდობა არის ის, რაც წესით, ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის ყველა პოლიტიკოსს უნდა აერთიანებდეს. გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკური პროცესები სხვაგვარად რომ წარმართულიყო და კონკრეტულ ჯგუფს ძალაუფლება დაებრუნებინა, თბილისი ნამდვილად იქნებოდა არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი“, – განაცხადა კალაძემ.

წყარო: 1tv.ge