ისეთი მცირე და ღია ტიპის ეკონომიკის ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, მოგზაურობიდან
მიღებულ შემოსავლებს ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. 2022 წლის
თებერვლის მიწურულს უკრაინაში გაჩაღებულ საომარ მოქმედებებს საქართველოში
რუსეთიდან და ბელარუსიიდან ვიზიტორთა ნაკადების ზრდა მოჰყვა.
თავის მხრივ, ვიზიტორთა გაზრდილმა შემოდინებამ განთავსებისა და კვების სექტორის მომსახურებებზე მოთხოვნა გაზარდა, რაც მთლიანობაში ერთობლივი მოთხოვნის ზრდაში აისახა. ამ ეტაპზე, მიგრანტების აღნიშნული ხარჯები, სტატისტიკური მეთოდოლოგიის მიხედვით, ტურიზმიდან შემოსავლებში აისახება.
თუმცა, ეკონომიკური მდგომარეობის პროგნოზირებისათვის მნიშვნელოვანია, ცალკე გამოიყოს და შეფასდეს, თუ რა ეფექტი იქონია მიგრანტთა გაზრდილმა შემოდინებამ საქართველოს საგადასახდელო ბალანსსა და ეკონომიკურ ზრდაზე, რამდენადაც ამ ეფექტის გავლენა ზრდის ტემპზე მხოლოდ ერთჯერადია.
ამისათვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია შეფასდეს, რამდენი ვიზიტორი შემოვიდოდა
ქვეყანაში, ომი რომ არ მომხდარიყო. ისტორიული ტრენდების ანალიზისა და ეკონომეტრიკული
მოდელის შეფასებაზე დაყრდნობით, ომის გამო, 24 თებერვლიდან მიგრაცია იზრდებოდა და პიკს
ივლის-აგვისტოში მიაღწია. ამ პერიოდისთვის რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა,
მოსალოდნელთან შედარებით, დაახლოებით 70,000-ით მეტი იყო, თუმცა შემდეგ ეს რიცხვი
ეტაპობრივად 50,000-მდე შემცირდა.
თუმცა, რუსეთის ფედერაციაში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, 21 სექტემბრიდან მიგრაციის ახალი ტალღა წამოვიდა და საქართველოში მანამდე შემოსულ ვიზიტორებს კიდევ 30,000 შეემატა. საბოლოოდ, საქართველომ რუსეთიდან დაახლოებით 80,000 ვიზიტორით მეტი მიიღო. ომის დაწყებიდან აგვისტოს ჩათვლით ბელარუსიიდან, მოსალოდნელთან შედარებით, 13,000 ადამიანით მეტი შემოვიდა, თუმცა სექტემბრიდან ეს სიდიდე 10,000-მდე შემცირდა. მთლიანობაში, ამ ორი ქვეყნიდან ვიზიტორთა რიცხვი 80,000-90,000 აღემატება იმ ვიზიტორთა რაოდენობას, რომლებიც ქვეყანაში მშვიდობიანობის დროს შემოვიდოდნენ (იხ. დიაგრამა 1.2.9 და დიაგრამა 1.2.10). ამ ნამატს ომის ეფექტად მივიჩნევთ და შემოსულ პირებს მიგრანტებად მოვიხსენიებთ.
გერმანიის ეკონომიკური გუნდის18 (German Economic Team) მიერ 2022 წლის მეორე ნახევარში
გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ომის შედეგად საქართველოში წამოსული ბელარუსების
და რუსების უმეტესობა ახალგაზრდაა და უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული. მათი დიდი
ნაწილი ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სფეროში სრული განაკვეთითაა დასაქმებული.
ამავე კვლევის მიხედვით, ომის შემდეგ რუსეთიდან წამოსული ოჯახი საქართველოში ყოფნისას
საშუალოდ თვის განმავლობაში $1,730-ს, ბელარუსიიდან წამოსული კი – $1,440-ს ხარჯავს. რადგან გამოკითხულთა დიდი ნაწილი საქართველოში ნახევარი წლით ან მეტი ხნით დარჩენას აპირებს, შეგვიძლია მიახლოებით შევაფასოთ, თუ რა გავლენას მოახდენს ამ მიგრანტთა დანახარჯები მოთხოვნასა და მიმდინარე ანგარიშის ბალანსზე მიმდინარე წელს. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მიგრანტთა მეორე ნაკადის დანახარჯები პირველი ნაკადისაგან შესაძლებელია, განსხვავდებოდეს. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ რუსეთიდან წამოსული მიგრაციის მეორე ნაკადი პროფესიული უნარ-ჩვევებითა და შემოსავლებითაც, გაზაფხულის მიგრანტთა ნაკადისგან განსხვავდება. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მეორე ნაკადის მიგრანტი ოჯახების საშუალო დანახარჯები შედარებით ნაკლები იქნება და ვუშვებთ, რომ ეს თანხა საშუალოდ თვეში $1,000-ის ფარგლებში იქნება.
ამ მარტივ დაშვებებსა და ანალიზზე დაყრდნობით, 2022 წელს მიგრანტებიდან მიღებული
დამატებითი შემოსავლები 500 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში იქნება (იხ. ცხრილი 1). იმ დაშვებით,
რომ მიღებული შემოსავლების 40% იმპორტირებულ საქონელზე მიემართება, ჯამურად მიმდინარე
ანგარიშის ბალანსი მიგრაციის გამო მოსალოდნელთან შედარებით, 2022 წელს, დაახლოებით 1.5
პპ-ით გაუმჯობესდება. კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ნაცვლად მშპ-ის 7%-სა, ჭარბი
მიგრაციული შემოდინების გამო მხოლოდ 5.5% იქნება. (იხ. დიაგრამა 1.2.11).
მნიშვნელოვანია, ასევე განვსაზღვროთ, თუ რა ზეგავლენა იქონია მიგრაციამ რეალურ
ეკონომიკურ ზრდაზე. სებ-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს ეკონომიკა 10%-ით გაიზრდება,
რაშიც მიგრაციის ფონზე გაზრდილი ტურისტული შემოსავლები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
ზემოთ წარმოდგენილ შეფასებებზე დაყრდნობით, 2022 წლის 10%-იანი რეალური ზრდიდან
მიგრანტთა წმინდა ეფექტი, მიმდინარე ანგარიშის მსგავსად, 1.5 პპ-ით განისაზღვრება. თუმცა აქვე
აღსანიშნავია, რომ ეს ეფექტი არ მოიცავს მკვეთრად გაზრდილი სწრაფი ფულადი გზავნილებიდან
მიღებული შემოსავლების გავლენას, რომელიც მიგრანტების მიერ ასევე შეიძლება ადგილობრივად დახარჯულიყო, მაგალითად, ახალი უძრავი ქონების შესაძენად. ეს კი ნიშნავს, რომ მიმდინარე
წლის ეკონომიკურ ზრდაში ერთჯერადი ეფექტი შესაძლოა, მნიშვნელოვნად მეტი იყოს, ვიდრე 1.5
პპ, რაც 2023 წლის ეკონომიკურ ზრდაზე ეროვნული ბანკის პროგნოზში უკვე გათვალისწინებულია.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიში
(2022 წლის ოქტომბერი)