ჩემ მიერ ნაპოვნი ორი კამერა კუსტარულად არის დამზადებული და არ მგონია, სამართალდამცავ ორგანოებს ასეთი ტექნიკა ჰქონდეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომელმაც ინფორმაცია გაავრცელა საკუთარ სახლსა და ავტომობილში კამერების აღმოჩენის შესახებ.
მისივე თქმით, ერთი კამერა გუშინ საღამოს საათებში სავარძლის გვერდით, სახელურთან იპოვა, მეორე ავტომობილში, ხოლო მესამე სახლთან.
„არავის შევატყობინე. არ ვიცი, საიდან არის. იმ ერთს თუ არ ჩავთვლით, დანარჩენი ორი არაპროფესიონალური კამერებია. არ გამოვრიცხავ კლიენტის ან სხვა საქმიდან გამომდინარე იყოს. არ ვიცი, ყველა ჩამწერებით დარბის. არ მგონია, სამართალდამცავ ორგანოებს ასეთი კუსტარული წესით დამზადებული ტექნიკა ჰქონდეთ. ამ ეტაპზე დრო არ მაქვს, არ მცალია და არ ვარ დაინტერესებული გამოძიებაში. მომისმინონ, თუ მისმენენ, ცუდს არაფერს ვლაპარაკობ. მაინც ვერავინ გაიგებს. ჩემთან დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი დადის, კოლეგები, დაცვის ქვეშ მყოფები. ფიზიკურად დრო არ მაქვს. ეს საათობრივ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ვნახოთ, თუ დაგვიბარა რომელიმე უწყებამ, მივალ“, – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.
როგორც მან განაცხადა, ამ ფაქტს არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირებს.
„არაა გამორიცხული, რომ მანქანას მოჰყვა, რომელიც ცოტახანია, რაც შევიძინე, სახლშიც კუსტარული იყო. სახლში რომელიც იყო, გაწყვეტილია და მანქანის ნაწილზეა შეერთებული. არ გამოვრიცხავ, ეს კამერა სუს-ის უფროსის, ლილუაშვილის დაცვის სამსახურის კამერა იყოს. ცალსახად ვერაფერს ვიტყვი. ეს რომ სპეცსამსახურების გაკეთებული იყოს, ასეთ მარტივ აპარატურასთან არ გვექნებოდა საქმე. არ მინდა ამაზე სპეკულაციების აგება. ხომ ხედავთ, ახლა რა ობიექტური ვარ, ამიტომ ხელისუფლებამ მომისმინოს. სააკაშვილის საქმეზეც ასე ვარ. უფრო სხვა საკითხებს ვუკავშირებ, არაერთი გახმაურებული საქმე მაქვს“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.
ამასთან, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2022 წლის 30 ნოემბერს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.