ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართვის ტექსტში ცვლილებასთან დაკავშირებით, ევროკომისიაში განმარტება გააკეთეს. როგორც ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილე დანა სპინანტმა აღნიშნა, ურსულა ფონ დერ ლაიენის თადაპირველი მიმართვა შეიცავდა უზუსტობებს ციფრებში.
კერძოდ, მისი განმარტებით, უკრაინის დანაკარგის შესახებ მოყვანილი მონაცემი გულისხმობდა მოკლულ და დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს.
„მადლობა მათ, ვინც მიუთითა უზუსტობაზე ვიდეოს წინა ვერსიაში ციფრებთან დაკავშირებით. გამოყენებული შეფასება გარე წყაროებიდან ეხებოდა როგორც მოკლულებს, ისე დაშავებულებს და მიმართული იყო რუსეთის სისასტიკის საჩვენებლად“, – წერს დანა სპინანტი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენმა გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთთან ომში 100 ათასი სამხედრო და 20 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა, თუმცა მოგვიანებით, ევროკომისიის ვებგვერდზე ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადების ტექსტი დარედაქტირდა. კერძოდ, ტექსტიდან ამოიღეს სამოქალაქო პირებისა და სამხედროების დანაკარგის შესახებ მონაცემები, ურსულა ფონ დერ ლაიენის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე კი ვიდეომიმართვის ახალი ვერსია დაიდო.