ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების საქმის პროკურორი ექსპერტიზების დასრულების შემდეგ, სხვა პირების ბრალეულობის გამოკვეთას არ გამორიცხავს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირის საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ექსპერტიზების დასრულების შემდეგ, სხვა პირების ბრალეულობის გამოკვეთას არ გამორიცხავს.

პროკურორი ექსპერტიზების დასკვნის მიღების შემდეგ, დაკავებულების მიმართ ბრალის დამძიმებასაც არ გამორიცხავს.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული 9-ვე პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურამ დანიშნული ექსპერტიზების გამო საგამოძიებო ვადის გახანგრძლივება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. საგამოძიებო ვადა დაახლოებით, 2 თვით გახანგრძლივდა.

“ბრალდების მხარემ სასამართლოს წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების თაობაზე მიმართა. აღნიშნული იმით იყო განპირობებული, რომ საქმეზე არაერთი ექსპერტიზაა დანიშნული, მათ შორის, სამედიცინო, შრომის უსაფრთხოების, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. აღნიშნული ექსპერტიზები დასრულებული არ არის, დასკვნები მიღებული არ არის, ამდენად, ექსპერტიზების დასრულებას დრო ესაჭიროება. ექსპერტიზები როგორც მოგახსენეთ, შეეხება შრომის უსაფრთხოებას, მათ შორის, რამდენად იყო განხორციელებული პროექტის შესაბამისად სამუშაოები, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა არის დანიშნული პროექტი რამდენად სწორად იყო შედგენილი და პროექტის შედგენისას შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები დაცული, შემდეგ შესრულებული სამუშაოები რამდენად შეესაბამებოდა დამტკიცებულ პროექტს. ეს კითხვები გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია, რასაც პასუხები ექსპერტიზამ უნდა გასცეს. აღნიშნული ექსპერტიზების შედეგებმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს უკვე არსებული კვალიფიკაციების დამძიმებაზე, ან შესაძლებელია, სხვა პირების პასუხისმგებლობა გამოიკვეთოს”, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს.

დაკავებულთა შორის არიან კომპანია “გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.

რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურებრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი – ბექა მურღვლიანი და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი – ლ.ჭ. მათ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„გრინსერვის +“-ის კიდევ ერთ თანამშრომელს – დევი კახოიძეს კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება ბრალი, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს. დაკავებული არიან ასევე, შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი – ნუგზარ ქიტიაშვილი და ამავე კომპანიის ინსპექტორი – დავით თუშიშვილი. მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას. ასევე, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი – გ.გ. და ვ. გ. მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.