ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ძველი ურთიერთობები არ აღდგება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ძველი ურთიერთობები არ აღდგება.

„იმ შემთხვევაში თუკი ჩვენი დასავლელი მეზობლები, ყოფილი პარტნიორები დაინტერესდებიან რუსეთთან ურთიერთობების აღდგენით, ეს არ გამოვა. აღდგენა ნიშნავს ძველი ურთიერთობების განახლებას, ეს კი ვერ მოხდება. როდესაც დასავლეთი მიხვდება, რომ სჯობს თანაარსებობა შეთანხმებების საფუძველზე, მოსკოვი ამ წინადადებას მოუსმენს“, – თქვა ლავროვმა  ევროპის უსაფრთხოების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ აშშ და ნატო უშუალოდ არიან ჩართულნი უკრაინის კონფლიქტში.

ლავროვის თქმით, ისინი არა მხოლოდ აწვდიან იარაღს, არამედ ამზადებენ სამხედრო პერსონალს კიევისთვის დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში.