ილია დარჩიაშვილი – პარტნიორებისგან მოვისმინეთ ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები, მკაფიოდ განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ინტეგრაციას ნატო-ში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, სიმბოლურია, რომ საქართველოს წარმომადგენლები ბუქარესტში, ნატო-ს მინისტერიალზე იმყოფებიან. მისივე თქმით, კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მნიშვნელობაზე ესაუბრათ.
ამასთან, როგორც ილია დარჩიაშვილი ამბობს, პარტნიორებისგან ძალიან ძლიერი, მხარდამჭერი გზავნილები მოისმინეს.
„ნამდვილად სიმბოლურია დღეს საქართველოს ყოფნა აქ, ნატო-ს მინისტერიალზე, სადაც კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მნიშვნელობაზე, ჩვენს ურყევ ძალისხმევაზე, რათა საქართველომ შეასრულოს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისკენ ძლიერი სვლა, რომელიც თავის დროზე ავიღეთ.
ასევე, სიმბოლურია, რომ ვიმყოფებით ბუქარესტში. პარტნიორებისგან მოვისმინეთ ძალიან ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები. ერთი მხრივ, ეს ეხებოდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, სადაც კიდევ ერთხელ ჩვენი პარტნიორებისგან ერთხმად, ცალსახად იყო ხაზგასმული, რომ საქართველოს ჰყავს პარტნიორები, რომლებიც მყარად უჭერენ მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. მეორე მხრივ, ხაზი გაესვა იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იქნა მიღებული ნატო-ს ბოლო სამიტზე, მადრიდში, სადაც შეიქმნა საქართველოს საჭიროებებზე მორგებული დახმარების დოკუმენტი, რომლის იმპლემენტაცია ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ამ მიმართულებითაც ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს პროგრესულ ინტეგრაციას ნატო-ში და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონში ნატო-ს ერთგულ პარტნიორს, და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მსგავს ფორმატებში ჩვენი წარმოჩენა გააძლიერებს, ახალ იმპულსს მოიტანს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით” – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
წყარო: 1tv.ge